პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვა.
დეპუტატის კითხვები მინისტრის საათის გაუქმება ეხებოდა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ვერცერთი სხვა ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათის ფორმატს, რადგან ამ დროს დეპუტატებს აქვთ საშუალება მოისმინონ მინისტრისგან სამინისტროს გეგმები და ხედვები და დაუსვან წინასწარ შეუთანხმებელი კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„ბევრ საკითხს არ შევეხები, მხოლოდ მინისტრის საათზე დავამატებ. რეგლამენტს რომ სჭირდება დახვეწა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და უმრავლეს ცვლილებებს ვეთანხმებით. მინისტრის საათი, ხშირ შემთხვევაში, მართლა არა მოსმენადია, 1 საათით მოდიან და რაღაც ტექსტებს კითხულობენ. უბრალოდ ეს მგონი თვითონ მინისტრის პრობლემაა, როდესაც ვერ ახერხებს საზოგადოებას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია. თვითონ ის ინფორმაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმიტომ, რომ გვიყვებიან რა კეთდება კონკრეტულ სამინისტროში 1 წლის მანძილზე, რა გაკეთდა, რა გეგმებია და დეპუტატებს აქვთ საშუალება ჰკითხონ გეგმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ აუცილებელია ამის დატოვება. არ არის წელიწადში ერთხელ მინისტრის საათი ისეთი დამტვირთველი, რომ ამან იქონიოს რაიმე გავლენა. მე ამოვიღე გარკვეული ქვეყნების მაგალითები- მაგალითად საფრანგეთში, სამშაბათს კონგრესში, ოთხშაბათს კი – პარლამენტში არის მინისტრის საათი, სადაც სპონტანურად უსვამენ კითხვებს მინისტრებს. ბრიტანეთში ეს წესი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს, 60 წლიდან არსების ავსტრალიაში. კი, შეიძლება იქ არ იყოს დროში ისეთი შეუზღუდავი, როგორც ჩვენთან არის. შესაძლებელია მექანიზმების დახვეწა, მაგრამ ეს რომ დავტოვოთ – მინისტრის ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან და დეპუტატების საშუალება, რომ დასვან კითხვები იმ საკითხებზე, რომელიც მათ ამომრჩეველს აინტერესებს. მართალია ჩვენ გავაუქმეთ მაჟორიტარი, მაგრამ არსებობს დელეგატი, რომელსაც კონკრეტული რაიონიდან აქვს კითხვები და ეს კითხვები კონკრეტული მინისტრების მიმართ ხშირია ხოლმე, როგორც საზოგადოებისგან ასევე, ჩვენგან, დეპუტატებისგან. ამიტომ, ვუერთდები ბატონი დიმიტრის მოთხოვნას, იქნებ გავიაროთ წინასწარ კონსულტაციები, სანამ კენჭისყრაზე დადგება საკითხი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.