fbpx

სოზარ სუბარი:შეურაცხმყოფელია, როდესაც ესტონელი მინისტრი მოგვიწოდებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას გარკვეული ფასი სჭირდება და ეს ფასი უნდა გადავიხადოთ – საქართველომ ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა

„დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს მაიდანიზაცია და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სხვისგან არ ესწავლება.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს ფრთის ქვეშ არიან.

„დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ეს არის საქართველოს მაიდანიზაცია და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა, რათა შემდეგ მათ მიერ მოყვანილმა აგენტურამ ჩვენი ომში ჩართვა მოახერხოს. შეურაცხმყოფელია, როდესაც ესტონელი მინისტრი მოგვიწოდებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას გარკვეული ფასი სჭირდება და ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. საქართველოს გადახდილი აქვს ფასი – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველომ ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩვენ გავიღეთ და ამის შემდეგ ორი ომი გვქონდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ვინმესგან არ გვესწავლება, მით უმეტეს, იმ აგენტურისგან, რომლებიც თვითონ დაცულები არიან ნატო-ს და ევროკავშირის ქოლგით და ჩვენ გვიბიძგებენ ომისკენ. ეს არის მათი მხრიდან ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება