სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის – შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიზნები, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე;  თეა ახვლედიანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად დანერგილი მექანიზმები და არსებული შესაძლებლობები.

დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო მინისტრისთვის დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.

ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა ფორმატში ახალგაზრდებთან ჩვენი რეგულარული შეხვედრები, მათ შორის დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ახალგაზრდებს გავაცანით საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენი დროებითი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით ხორციელდება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით. შედგა ძალიან საინტერესო და დინამიკური დისკუსია, რაც მეტად სასიხარულო და მისასალმებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება