იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ პარტნიორ უწყებებთან ერთად შეიმუშავა “საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგია”, რომელიც ციფრული მმართველობის სფეროში საქართველოს მთავრობის გრძელვადიან დოკუმენტს წარმოადგენს.
სტრატეგია ციფრული მმართველობის განვითარების ხედვას აყალიბებს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს განსაზღვრავს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო ციფრული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას.
სტრატეგიის განხორციელება უზრუნველყოფს: საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდას და რესურსების ოპტიმიზაციას; სახელმწიფო სერვისების ციფრული მიწოდების სტანდარტიზაციას;
ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების გაძლიერებას; საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების გაუმჯობესებას ციფრული მმართველობის სფეროში.
სტრატეგიის დანერგვა მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს:მიიღონ უფრო მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით, დროისა და რესურსების დაზოგვით; ისარგებლონ მარტივად ხელმისაწვდომი ციფრული სერვისებით;შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მიიღონ წვდომა უფრო მეტ სერვისზე;
ციფრული მმართველობის სტრატეგია წარმოადგენს პირველ, ოფიციალურად დამტკიცებულ სტრატეგიას ციფრული მმართველობის სფეროში. სტრატეგიის შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია რამდენიმე სამოქმედო გეგმის შემუშავება. მათ შორის პირველი, რომელიც 2025-2026 წლების პერიოდს მოიცავს, სტრატეგიასთან ერთად უკვე დამტკიცებულია.