შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვაჰან კოსტანიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ელნურ მამმადოვი – მიესალმნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის წარმომადგენელთა პირველ სამმხრივ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ სამ ქვეყანას გააჩნია თანამშრომლობის ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.
შეხვედრა ორიენტირებული იყო საერთო ინტერესის სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და საბოლოო ჯამში, თავის წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაში. შეხვედრა ემსახურებოდა აზრთა ღია გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ხედვების წარმოდგენას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრის პოზიტიური და კონსტრუქციული გარემო, რომელიც განიხილება როგორც საწყისი ეტაპი ნდობის განმტკიცებისათვის და დიალოგის უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის.