საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში
იმყოფება. ბრატისლავაში გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკი კოლეგა,
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო მასპინძლობს.
საპატიო ყარაულის თანხლებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, გენერლებმა
განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის
საკითხები, რომელიც 2014 წლიდან ვითარდება. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის
სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის სამხედრო განათლებისა და
წვრთნების კუთხით. საუბარი შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში ქართველი და
სლოვაკი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას, ასევე გამოცდილების გაზიარებას
სამხედრო პერსონალის პოლიტიკის მიმართულებით.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სლოვაკ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის (SNGP) ინიციატივებში სლოვაკი ექსპერტების აქტიური მონაწილეობა აღნიშნა და
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოში სლოვაკეთის თავდაცვის
ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას
შეუწყობს ხელს.
ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის
დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან,
თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინაკთან. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის
ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია სლოვაკეთის სამხედრო მრეწველობის კომპანიასაც
ესტუმრა და ადგილზე გაეცნო კომპანიის მიერ წარმოებულ საარტილერიო სისტემებსა და
შეიარაღებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება