ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაციის- ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და, ასევე, სოფელ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანადგომით, მიმდინარე წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს ექიმებმა, სამსახურსა და ამ კლინიკებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს, ექიმის კონსულტაციას და ლაბორატორიულ კვლევებს.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა სამსახურის 114 ბენეფიციარს, ხოლო უფასო ოფთალმოლოგიური კვლევებით ისარგებლა 147-მა ვეტერანმა და მათი ოჯახის წევრმა; უსასყიდლოდ გაიცა 441 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.
აქციაში, ტრადიციულად, ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტიც.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ ტერიტორიული და ექსტერიტორიული დანაყოფების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ედილაშვილი, ამავე ორგანიზაციის აფხაზეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური, კობა გეგია, აფხაზეთს ა/რ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 32 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3763 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდა კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 5732 სათვალე; ხოლო, რაც შეეხება ჩაფიძის გულის ცენტრს-
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და, ასევე, ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, კლინიკის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 184 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის -15054 ბენეფიციარს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა ‘’საქართველოს,’’ ასევე, ყველა იმ უწყებისა და პირის მიმართ, ვინც აღნიშნული საქველმოქმედო-სამედიცინო აქციების ჩატარებაში თანადგომა გაუწია სამსახურს და მხარდაჭერა გამოუცხადა ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

