საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ათენის სავაჭრო და სამრეწველო პალატის  პრეზიდენტს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, ათენის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (ACCI) ახლად არჩეულ პრეზიდენტს, იოანის ბრატაკოსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პალატების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელების და სავაჭრო მისიების ჩატარების შესაძლებლობებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემების მნიშვნელობის განხილვას და აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მიზანშეწონილობას. მხარეებმა სტარტაპების ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისა და ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.

საელჩო და ACCI განაგრძობს დაწყებულ დიალოგს, რათა GCCI-თან და საქართველოს სხვა, რელევანტურ სტრუქტურებთან ერთად, ყველა დაინტერესებული ერთეულის მონაწილეობით, შეძლებისდაგვარად ოპერატიულად მომზადდეს ვირტუალური დისკუსია-სემინარი, რომელზეც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე იმსჯელებენ, ერთობლივ პროექტებს განიხილავენ და სასურველ მიზნებს დასახავენ.

შეხვედრას საელჩოს დესპანი, დავით ჯალაღანია და ACCI-ის საერთაშორისო კომერციული ურთიერთობების დირექტორი, ელენი ფოტი ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება