რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება გრძელდება. კლინიკაში ტკივილის
მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.
ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და
პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.
სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა
ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები,
პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული
მკურნალობაც.
ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ
სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი,
ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური
დიაგნოსტიკის სპეციალისტი.
კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.