როდესაც სიტუაცია იქმნება ისეთი, რომ შენს უსაფრთხოებას რაღაც გარკვეული და მნიშვნელოვანი პრობლემები უჩნდება, რასაკვირველია, ევროკავშირის ქოლგა რაც შეიძლება ადრე უნდა გაიშალოს საქართველოს თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„როდესაც მსოფლიოში, რეგიონში ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება, რასაკვირველია, ევროკავშირის ფინანსური, პოლიტიკური, სტრატეგიული და თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, დახმარების საკითხი პრივალირებს იმ სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ ევროკავშირის სრული წევრობის გზას განაპირობებს და აყალიბებს.
ეს პრაქტიკა არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად იქნება ეს გაკეთებული, რასაკვირველია, ძნელია. ასეთი ფორსმაჟორული და ტრაგიკული სიტუაციაც მსოფლიოს წინაშე არ მდგარა. მუშაობა და ერთიანობაა საჭირო.
ზუსტად იყო განმარტებული, რატომაა საჭირო გეგმაზომიერი მუშაობა და როდესაც სიტუაცია იქმნება ისეთი, რომ შენს უსაფრთხოებას რაღაც გარკვეული და მნიშვნელოვანი პრობლემები უჩნდება, რასაკვირველია, ევროკავშირის ქოლგა რაც შეიძლება ადრე უნდა გაიშალოს საქართველოს თავზე. თუ ეს შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაერთიანებაა საჭირო და არა ჩასაფრებით საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვს.