რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია, ავთენტური იერსახის შენარჩუნებით ტარდება. რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, რუსთაველის N25, N34 და N36 საცხოვრებელი კორპუსების სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად გააცნო. ,,საქართველოს მთავრობის დახმარებით ვაგრძელებთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. აღნიშნული პროექტი, არ გულისხმობს შენობების მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას, ჩვენ რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის პროცესში აუცილებლად შევინარჩუნებთ იმ ავთენტურ იერსახეს, რაც ამ კოლორიტული ქუჩას ახასიათებს, პარალელურად საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები. დღეს, მოსახლეობასთან ერთად სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა მათი მოთხოვნა და რეკომენდაცია, პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთაველის ქუჩაზე სამი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, ამ ეტაპზე, სატენდერო პროცედურები დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსში – რუსთაველის N32-ში. ,,რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო და დასრულების შემდეგ, შენობებს ავთენტური იერსახე დაუბრუნდება. სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა. პროექტი, ფასადების სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას, აივნების განახლებას, დეკორატიული განათების, მოაჯირების და კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ძველი რუსთავის განახლების ფარგლებში ხორციელდება და ქუჩის ძირითადი ნაწილი უკვე რესტავრირებულია. პროექტისთვის 3 მილიონ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.