“ვიგებთ, რომ სანამ მანქანა ხურჩის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, 11-დან 12 საათამდე, მანქანა დაფიქსირებული იყო ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისთან. რა თქმა უნდა, ბიძაჩემი, ჩემი ბიძაშვილი და მთელი სანათესავო წავიდნენ, რომ გაერკვიათ, რა ნახა იქ მოსახლეობამ, იქნებ ვინმემ გადმოიყვანა პაატა მანქანიდან. მოიტანეს ასეთი ინფორმაცია, რომ მანქანა მართლაც იდგა ამ ტერიტორიაზე, მიუდგა გვერდით “ნივის” მარკის მანქანა„, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პაატა ქარდავა თავისი მანქანიდან სხვა მანქანაში გადასვეს და ამის თვითმხილველიც არსებობდა, მაშინვე გამომძიებელს შეატყობინეს, თუმცა, გამომძიებელმა როდესაც მოიძია მსგავსი პიროვნება, ვერ იპოვა, ხოლო, მეზობლებმა უარყვეს ქარდავას მანქანის და „ნივის“ ერთად ნახვის ეპიზოდი. „მამა გათიშულ მდგომარეობაში, ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა – ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა ეს ადამიანი, აშკარად ეტყობოდაო. ეს იმ დღესვე შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, რომ გადაიყვანეს მანქანიდან და სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ, სამწუხაროდ მერე ეს პიროვნება გაქრა. ჩვენ ამ პიროვნების სახელი და გვარი არ ვიცოდით და მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ყველა თავს არიდებდა ინფორმაციის მოცემას. იქ მისულ გამომძიებელს, რომელმაც მოიძია ეს პიროვნება, გვითხრა, რომ ასეთი პიროვნება ვერ ვიპოვეთ, მეზობლები რომ დავკითხეთ, გვითხრეს რომ არაფერი გვინახავსო. ამით დაიხურა ეს თემა, აგვირიეს გზა-კვალი. მერე მოდიოდა დროთა განმავლობაში ინფორმაციები, რომ პაატა გადავიდა აფხაზეთში, რომ იქ არის და ვიღაც ტყვეებზე უნდათ მისი გაცვლა, არ ინერვიულოთ, გავცვლით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მამათქვენი – ამას გვეუბნებოდა ერთ-ერთი პიროვნება, ნანა ფიფია, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, ჩვენ მასზე მერე საჩივარიც შევიტანეთ, რადგან ფული გამოსძალა ბიძაჩემს, აფხაზეთში უნდა გადავიდეო.“ – განაცხადა პაატა ქარდავას შვილმა. ქრისტინე ქარდავას თქმით, დრო მაქსიმალურად გაჰყავდათ, რომ ოჯახს არ ეხმაურა. „დრო გაჰყავდათ მაქსიმალურად, რომ ჩვენ აქეთ იმდენი არ გვეხმაურა, მორიდებაც რომ გვქონოდა, მამა მართლა აფხაზეთში რომ არ არის, სასწაული ხომ არ მოხდაო, რომ გვეფიქრა. მაგრამ, ბაბუა მოკლეს აფხაზებმა და მამა მაგის შემდეგ აფხაზეთში არასდროს გადასულა, მამის სასაფლაოზე არ იყო ნამყოფი და არც დავუშვებდი იმას, რომ მამა სამშობლოს, თავის ოჯახს უღალატებდა და აფხაზებთან დაიკავებდა საქმეს.“ – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.