2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა. ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, ციხეს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით. „ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“. სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა. პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა“,-განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.სოზარ სუბარის შეკითხვაზე, თუ საიდან იმართებოდა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა ციხის ადმინისტრაციისგან, თუ ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან ბესარიონ ხვინთელიანმა უპასუხა: „გარედან როგორ იმართებოდა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ისინი ციხის ადმინისტრაციისგან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები“. სოზარ სუბარის განცხადებით, წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა. „წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს.“- განაცხადა სოზარ სუბარმა.