უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს როგორც თემატური და საგნობრივი განხილვები ცალკეულ თემებთან დაკავშირებით, ასევე, მსჯელობა საომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა.
„ეს არ არის გასაკვირი, დაწყებული პოლიტიკური ხედვიდან, დამთავრებული ღირებულებებით, პრაქტიკულად ყველა ასპექტში ვართ თანამოაზრეები. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულ აღნიშვნას და ხაზგასმას საჭიროებს. განსაკუთრებული, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის თანამშრომლობას, ვინაიდან, ეს არის ფორმატი, სადაც უმაღლეს დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის უფრო ინტენსიფიკაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს განაპირობებს ინტერესსაც და ამ ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს როგორც თემატური და საგნობრივი განხილვები ცალკეულ თემებთან დაკავშირებით, ასევე, ამ ვიზიტის ფარგლებში, გვაქვს ცალკეული ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც გვექნება მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.