მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა-მამუკა მდინარაძე

მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, გამკაცრდება შრომითი მიგრაციაც, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს პირობების დაკმაყოფილება და დასაქმების ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სანქცია დაეკისრება როგორც უნებართვოდ მომუშავე უცხოელს, ისე მის დამსაქმებელსაც. „მეორე საკითხი შრომით მიგრაციას შეეხება: ასევე, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები, მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო იმისათვის, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, პირობითად, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს. ეს ერთი მხრივ, გააადვილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მოგვცემს ზუსტ მონაცემებს და იმ მიმართულებით, სადაც, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორად სახელმწიფო. ჩვენ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: ერთი მხრივ, გვაქვს შრომით ბაზარზე დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით და მეორე მხრივ, მართალია, საგრძნობლად შემცირდა ეს რაოდენობა, მაგრამ, კვლავ ბევრი ადამიანი გვყავს დაუსაქმებელი. ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე – ეს არის მთავარი. რა სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს დაარღვევენ: სანქცია, მკაცრი ჯარიმა არ იქნება მხოლოდ უცხოეთის იმ მოქალაქისათვის, რომელიც ნებართვის გარეშე იმუშავებს, არამედ, ეს სანქცია და ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც, იმისათვის, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები და როგორც უკვე გითხარით, დეფიციტური პროფესიები დაიდენტიფიცირდება. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც, ამ პირობებს ჩვენ მკაცრად შევასრულებთ და აქაც არავის ექნება იმის საფუძველი და საბაბი, რომ ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა მოგვცეს და ეს, შესაბამისად, ადგება ვიზალიბერალიზაციასაც,“ – აღნიშნა მდინარაძემ. როგორც მან განმარტა, სიახლეა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე საინვესტიციო პირობებით, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 100 ათას დოლარიანი უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად, მოუწევთ 150 ათას დოლარად შეფასებული უძრავი ქონება შეიძინონ ერთ წლიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. „მესამე მიმართულება ეს არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე, საქართველოში შეიძენს 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე შესაძლებელია, ერთი წლით, შესაბამისი დისკრეციით ოღონდ და არა ყველა ვარიანტში, გაიცეს ბინადრობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკა, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და აქედან დღეს, ეს ბინადრობის ნებართვა სულ შენარჩუნებული აქვს 3600 ადამიანს, ამის მიუხედავადაც კი, ჩვენ ვზრდით, ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და 100 000 დოლარის ნაცვლად, ეს იქნება 150 000 დოლარის ეკვივალენტი, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობებიც. თუმცა, ეს არ არის ის სფერო, სადაც დეველოპერებს უნდა „დავარტყათ“ და გავზარდოთ არაბუნებრივ თანხებამდე, იმიტომ, რომ 3600 ადამიანი ბინადრობის უფლებით, რაიმე საშიშროებას, როდესაც ამაზე აპელირებენ ხოლმე, ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს რაც შეეხებოდა მიგრაციის თემებს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეყვანის ღილაკი

Keti
Keti Vardosanidze

მამუკა მდინარაძე „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ადამიანს შეეძლო ნებისმიერი მოქალაქისთვის დაებრალებინა რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე – იქნება ევროპული მიდგომა, ამიერიდან, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადმოვა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი, ალბათ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი პირველი კანონი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა, ამას ეძახდნენ ე.წ. ბოკერია-რამიშვილის კანონს, ეს იყო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. ადამიანს შეეძლო, რომ დაებრალებინა თქვენთვის, ნებისმიერი მოქალაქისათვის – პოლიტიკოსისათვის, ნებისმიერი საჯარო პირისათვის რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე, რომ რასაც დაგაბრალებდნენ, ის თქვენ არ ჩაგიდენიათ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, როდესაც კანონში შესაბამისი ცვლილება შევა, მტკიცების ტვირთი დამბრალებელზე გადავა, და მას ექნება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ ადამიანმა რაღაც დააშავა. „გეტყოდნენ, რომ თქვენ მოკლული გყავთ ადამიანი, თვალსაჩინოებისთვის ვუტრირებ და ყველაზე ერთ-ერთ ბინძურ დაბრალებას ვიგონებ და თქვენ უნდა გემტკიცებინათ, რომ არა, თქვენ არ გყავთ მოკლული ადამიანი. აქ ბალანსი აღდება. ესეც გარედან თავსმოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო აგენტების მხრიდან შექმნილი. აქ იქნება ევროპული მიდგომა, თუკი ევროპელობა უნდათ, ამ მიდგომაშიც წამოგვყვნენ, კეთილი ინებონ და დაგვეთანხმონ, რომ ეს იყო გარედან თავსმოხვეული მახინჯი კანონი. ამიერიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუკი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც გააფუჭა, ჩაიდინა, დააშავა – მას ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ თქვენგანს, ამ ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს აღარ ექნება ვალდებულება, რომ ნებისმიერ სისულელეზე ამტკიცოს, რომ მას ეს სისულელე არ ჩაუდენია. თუკი ვინმე იტყვის, რომ რაღაც ჩაიდინა ნებისმიერმა ჩვენგანმა, დამბრალებელს ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ ეს არის სწორი ინფორმაცია და არა – პირიქით, რაც აბსოლუტური მარაზმი იყო.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება