ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მერაბ ჭიქაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდგომი პერიოდი. ჭიქაშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ, პატიმრების გადაჯგუფებისას, მისი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ახალგაზრდა წევრმა, თვალი ჩაუკრა და გაამხნევა, რის გამოც, ციხის თანამშრომლებმა სამაგალითოდ სცემეს და ხერხემალი და ხელი დაუზიანეს. „დავინახე, რომ წინა კამერიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ახალგაზრდა ბიჭი, გიორგი სიხარულიძე, ალბათ 17-18 წლის იყო. რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, გეხვეწები, გამაგრდიო. ამის გამო, ამ ბიჭს, ალბათ შშმ პირი არის, რადგან ხერხემლის და ხელის დაზიანება აქვს, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო? მე უკვე ვცდილობდი, რომ ჩემთვის არავის ეთქვა, რომ მიცნობდა,“ – აღნიშნა ჭიქაშვილმა. მისივე განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ არსებობდა პატიმარი, რომელსაც სურდა, რომ მისი ოჯახის წევრი ქალი, ციხეში მის მოსანახულებლად შესულიყო, ვინაიდან, მათ შეურაცხყოფის და დამცირების გავლა უწევდათ. „მე დღემდე ვმკურნალობ, ფსიქიკური აშლილობის ფონი საკმაოდ მაღალი მქონდა, ზე-სიფხიზლე დამიდასტურდა. ევროკავშირის წამების რეაბილიტაციის ფონდში ვმკურნალობდი და იქ წამლების კურსი დადგენილი მქონდა, გერმანიაში ექიმებმა შეძლეს და უწამლოდ მიმკურნალეს. ბუნებრივია, დღემდე გარკვეული ტრავმები მაქვს, მაგრამ არ მინდა ჩემს თავზე ან ჩემი ოჯახის წევრებზე ვისაუბრო, მაგრამ ამის მერე შემექმნა არაერთი პრობლემა – ჩემი ძმა იმყოფებოდა ციხეში და პირდაპირი მუქარები იყო. დედა, რომელსაც ციხეში რომ შესულიყო რაიმეს შესატანად, შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ვერ ნახავთ პატიმარს, რომელიც ისურვებდა, კონკრეტულად მიშა სააკაშვილის დროს, რომ მისთვის ოჯახის წევრ ქალბატონს – დედას, დას ან მეუღლეს ციხეში მოეკითხა. მე პირადად ვარ მოწმე, როგორ დაემუქრნენ და დასცინეს დაახლოებით 80 წლის ქალბატონს.“ – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.