“ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს: საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ!”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გონიერი ადამიანი ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება – რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა.
“ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს:
- მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია.
- გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო.
- ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოყვებოდა ბოლო წლებში გარედან შეკვეთილ ემოციებზე აყოლას.
- ხალხმა ასევე დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ თავად ჩანაცვლონ ოპოზიცია.
- საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ!..
- ყველა ოდნავ გონიერი ადამიანი ჩვენი, ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება – რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა!”- წერს მამუკა მდინარაძე.