მამუკა მდინარაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაწერილია კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება – ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს

ჯერ განვმარტოთ იმ ინიციატივის არსი, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ: ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს – არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების – მატერიალური რესურსების ამოღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ახალ საკანონდმებლო ინიციატივაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანი კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს და მეორე ადამიანს ზიანს მიაყენებს, მარტივდება ამ ადამიანისთვის ზიანის ანაზღაურება თავად დამნაშავისგან, ან მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღებით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმად პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სანამ არ მსჯავრდებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს. “იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების, თანხის ამოღება. ეს თუ სხვადასხვა ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას ცალკე, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში, სოციალური დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით, შედის ცვლილება, რომლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევა ცვლილება, რომლის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით, შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც, ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, განისაზღვრება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადები. ნაკლებად მძიმეზე 6 წელი, რადგან ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ბრალდებული ჩაიდენს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, გამარტივდა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, რომელსაც სისხლისსამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ეს ცვლილება უზრუნველყოფს თავის მხრივ და მეორე – ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამის უზრუნველყოფის საშუალება იქნება სამაჯური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახდენთ იმ მიდგომის პრევენციას, როდესაც დამნაშავე ამბობს, რომ დავჯდები, 2 წელი, 3, 5, 7 წელი და ამ ერთ მილიონს, რომელიც მივაყენე დაზარალებულს, შევირჩენ, ან ჩემს მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაზე, მამაზე, ბიძაშვილზე და ა.შ. და ეს მაინც შემრჩება – ეს იქნება ამ ცვლილებით გამორიცხული.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება