მაკა ბოჭორიშვილი:  საქართველოს კონტრიბუცია  სხვადასხვა ოპერაციებში იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ეხებოდა  ნატო-ს გვერდით დგომას, შესაბამისად  რაიმე კითხვის ნიშნის დასმა საქართველოს სურვილთან  დაკავშირებით უბრალოდ უადგილოა

“ახალი არაფერია იმაში თუ რუსეთი როგორ უყურებს ნატო-ს გაფართოებას, არც ის არის ახალი რომ ჩვენ გვსურს ნატო-ს წევრობა და აქ ვხედავთ „უსაფრთხოების ქოლგას“. სწორედ ამისთვის იღწვოდა და იღწვის საქართველო, ეს ჩვენი კონსტიტუციური მიზანია და ეს წარმოგვიდგენია ჩვენი უსაფრთხოების გარანტიად, თუმცა, მეორეს მხრივ, შეუძლებელია ამ პროცესში თვალი დახუჭო და არ შეხედო იმ განვითარებებს, რა განვითარებებიც არის, რა განცხადებებიც კეთდება, რა დამოკიდებულებებიც შეიძლება არსებობდეს ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. აქ ერთია ჩვენ რა გვინდა, რა არის ჩვენი სურვილი და მეორე არის ობიექტური რეალობა. მხოლოდ ჩვენი სურვილით რომ შეგვძლებოდა ნატო-ში გაწევრიანება, ჩვენ 2008 წელსაც ვიქნებოდით ნატო-ში გაწევრიანებული და შეიძლება კიდევ უფრო ადრეც – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გზა, ეს არის ორივე მხარის გასავლელი გზა და რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ორივე მხარის ინტერესსა და სურვილზე”- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა ალიანსის წევრობისთვის.

“2008 წლიდან საქართველო და უკრაინა არიან ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ დაპირება რომ უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები, თუმცა ჩვენ ამ დრომდე ვერ ვნახეთ რეალური ნაბიჯი გადადგმული ნატო-ს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რომ ყოფილიყო მზად ნატო-ს წევრობისთვის.

ვერავინ ვერ იტყვის რომ საქართველო უფრო ნაკლებად მომზადებული იყო, ვიდრე ბალკანეთის რომელიმე ქვეყანა, რომელიც მას შემდეგ გახდა ნატო-ს წევრი. ჩვენ ასევე ვნახეთ პოლიტიკური ნების შემთხვევაში თუ როგორ სწრაფად შეიძლება გახდეს ქვეყანა, ფინეთისა და შვედეთის მაგალითზე, ნატო-ს წევრი, ასე რომ, საქართველოს არ აკლია მზაობა, რაც გვაკლია არის პოლიტიკური ნება ნატო-ს მხრიდან და არა საქართველოს მხრიდან, ამას ნამდვილად ვერავინ დააბრალებს ჩვენ ქვეყანას.

ნატო-სთვის საქართველოს კონტრიბუცია საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ოპერაციებში, როდესაც ნატო-ს  გვერდით დგომას ეხებოდა საქმე და აქედან გამომდინარე, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა საქართველოს სურვილთან დაკავშირებით უბრალოდ უადგილოა”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება