პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა. როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ იპოვოს ერთგვარი ოქროს შუალედი, რათა ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული და ამავდროულად მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. „ერთის მხრივ გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, უსასრულოდ, წამგებიან რეჟიმში იმუშაოს. ეს ერთის მხრივ გასაგებია ბიზნესის მხრიდან. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, მითუმეტეს ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სრულად გააზრებული და პატივცემული. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რომ ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ პროცესში არის ჩართული სახელმწიფო, სწორედ რომ ეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ და იმედია, რომ უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.