ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს, აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ, თუმცა, მალევე დადასტურდა, რომ ეს ძვლები მე-19 საუკუნის ნეშტები იყო. “პარალელურად, როდესაც ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს 8 გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს, თუმცა, ძალიან მალე დადასტურდა, რომ ეს ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, იყო მე-19 საუკუნის ნეშტები.” – აღნიშნა ლედი აფრასიძემ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ამ ბრიფინგით, აფრასიძეების ოჯახსა და გვარს მიეწება დამნაშავეების იარლიყი, მაშინ, როცა ოჯახის არაერთ წევრს, მით უმეტეს კი, ბავშვებს, კანონთან პრობლემა არასდროს ჰქონია. “მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია იყო მიწოდებული და თქვენი ოჯახის არაერთ წევრს, რომელსაც საერთოდ კანონთან არანაირი პრობლემა არასდროს ჰქონია და მით უმეტეს, არასრულწლოვანებს, ოჯახსა და გვარს ,ეს იარლიყი მიაწებეს, როგორც დანამდვილებით დამნაშავეები, რომლებიც, როგორც თავად ამბობდნენ, მეტსაც კი იმსახურებდნენო. ამითაც ამაყობდა თავის დროზე სააკაშვილი, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, გიორგისა და ლედის მონათხრობს ისმენს და ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებს თავს დაესხმება, რომ თვითონ მოხუცდება და ბავშვები იზრდებიან და ხდებიან ისეთი სასახელოები, როგორიც დღეს ჩვენს წინაშე არის ქალბატონი ლედი და ბატონი გიორგი.” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.