კახა კალაძე: ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს

„გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ჩემპიონთა ლიგები“, – ასე მიულოცა დედაქალაქის მერმა ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის უდიდესი საფეხბურთო ტურნირის – უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება.

კახა კალაძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვეობის საუკეთესო მაგალითი და სტიმული, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ასეთ დიდ წარმატებას მიაღწიოს.

„ხვიჩა კვარაცხელიას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება. მან გაახარა სრულიად საქართველო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, რაც „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას უკავშირდება. გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ მას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ლიგები.

აქვე ვიტყვი იმას, რომ ეს მომავალი თაობისთვის არის დამატებითი სტიმული. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უბრალოდ შრომასა და მუშაობაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს არის ძალიან რთული გზა, რომელსაც სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დახარო, უნდა გადალახო ბარიერები და დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამ შენს შრომას აუცილებლად დაგიფასებს. ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება