fbpx

კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ

„ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილის ბიზნესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის ხელწერა უცვლელია, თუმცა მსგავსი ძალადობა ქვეყნისთვის საშიშია და უნდა შეჩერდეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენ ნახეთ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის შეურაცხყოფა მისი ოჯახის წევრების მიმართ, მიდის ბულინგი სოციალურ ქსელში, SMS-ების გაგზავნა, სატელეფონო ზარები. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იცვლიან დღესაც. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. როდესაც ხდება ძალადობა, მას მოქალაქეები პასუხობენ ძალადობით, რაც არის ძალიან ცუდი. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, თორემ არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება