კახა კალაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა
გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველ გუნდს
დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის და საკუთარ ხედვას მოსახლეობას
უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
„არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ რას აპირებს, ამას არსებითი
მნიშვნელობა არ აქვს – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ნახეთ,
როგორი პოზიცია ეჭირათ სულ რამდენიმე ხნის წინ არჩევნებში
არმონაწილეობასთან დაკავშირებით და როგორც კი გარედან შეიცვალა რიტორიკა,
მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ვიღაცები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.
ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული
ამ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან. დაწყებული გვაქვს მზაობა
თვითმმართველობის არჩევნებისთვის და საზოგადოებას ძალიან მალე
წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“
დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართველ
ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საზოგადოება ხედავს, რომ ამ ადამიანებს შორის არის
დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და
პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია.
ინდივიდუალურად, ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, ვინ არის
მათი რეალური პატრონი. მათ საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ,
ისინი არ ეკუთვნიან ქართველ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, სამშობლოს. მათ სხვა
ადამიანები მართავენ, სხვა ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და
საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, – აღნიშნა დედაქალაქის
მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება