თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური,
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთ
სატრანსპორტო კვანძს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა
ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ მოაწყობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი,
დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი“ შუქნიშნები,
მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე
ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს
არის კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა დ სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის
მოწესრიგება. სამუშაოების შედეგად, არსებული მდგომარეობა მთლიანად
შეიცვლება – ავტომობილით გადაადგილება დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც
საგზაო მოძრაობას გაამარტივებს და გამტარუნარიანობას გაზრდის. გარდა ამისა,
ქვეითებისთვის ეწყობა ზებრა გადასასვლელები, რომელთა საშუალებით
სანაპიროსთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი; მოწესრიგდება ტროტუარები,
დამონტაჟდება განათების ბოძები ლედ სანათებით, გამწვანდება კუნძულები,
რომელზეც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მთლიანად დასრულდება
აგვისტოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის
მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო
საქვეითო კავშირი შეიქმნება.
სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ
შეიზღუდება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების
საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის ტრანსპორტისა და
ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ჩუღურეთის
რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს
წევრები იმყოფებოდნენ.
