კახა კალაძე: მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა -მასზე, პარტიულ მუშაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევა
მიულოცა.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კიბახიძეს, რომლის კანდიდატურასაც პოლიტსაბჭოს
წევრებისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული
პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისთვის.
„მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ეს იყო
პოლიტსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა სრული
მხარდაჭერა. ირაკლი არის ღირსეული, პროფესიონალი, უპატიოსნესი ადამიანი.
მინდა, წარმატებები ვუსურვო. ძალიან ბევრია დამოკიდებული მასზე, პარტიულ
მუშაობაზე. ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული პარტიული სტრუქტურების
გაძლიერებისთვის. 2014 წლიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობთ ამ
მიმართულებით. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით,
ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა
საქართველომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წინააღდეგ შემოტევები ისევ
გრძელდება, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს
გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გააძლიეროს.
„გამოწვევები ძალიან ბევრია. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ გრძელდება, არის
შემოტევები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, პირდაპირ არის მცდელობა,
რომ მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობა. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია
ამასთან დაკავშირებით. დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე წლების წინ, რადგან
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა,
რომ გრძელდება შანტაჟი, შემოტევები, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ
პირველ რიგში, მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური
განვითარება, გაძლიერება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პარტია
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს

იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც
ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება