„როგორ შეიძლება საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?!
პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მათგან მოდის“, – ასე
გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას დიდი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი დიპლომატის დაბარების
შესახებ.
კახა კალაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია,
თუ რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ საქართველოში ბოლო წლებში, შესაბამისად
მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ საქართველო ვინმეს ერჩის, წარმოუდგენელია.
„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან
აშშ-ს ებრძოდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ
უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან
მოდის. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რაც
ჩვენ პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ კაბინეტებში, რომ ქვეყანა ომში ჩართულიყო, იყო
მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები. ამაზე მაღალი თანამდებობის პირები
საუბრობდნენ. თუნდაც ჩვენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. შემდეგ
კი დაიწყეს უარყოფა, მაგრამ არქივი ხომ არსებობს. ასევე, იმავე განცხადებებს
აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. გამოდიოდნენ და
ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლება რადგან სანქციებს არ უერთდება,
გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. უკრაინის უშიშროების საბჭო
მოგვიწოდებდა, საქართველო შეგვეხიდოსო.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია, თუ რა ორგანიზაციებს
აფინანსებდნენ საქართველოში ბოლო წლებში. თუ კეთილსინდისიერები არიან, რა
პრობლემაა, რომ გაასაჯაროონ, ვის აფინანსებდნენ? მაგრამ პრობლემა იცით რა
არის? ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში ხდებოდა – რევოლუციის მოწყობის,
სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩის მცდელობები,
რა თქმა უნდა, ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. ყველას თავისი ინტერესი
ჰქონდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პატრიოტი ხელისუფლება დაემხოთ, მაგრამ არ
გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება სანქციების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა,
პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ ხალხისა და ქვეყნის ინტერესები გაატაროს და
არა გარედან იმართებოდე.
„დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე
ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს. ჩვენ ამ სიგიჟეში გვიწევს საკუთარი ქვეყნის
დაცვა და მისი ინტერესების გატარება. ჩვენ რატომ ვართ პოლიტიკაში, ხალხი
რატომ გვიჭერს მხარს? პირველ რიგში, ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესი უნდა
გავატარო და არა გარედან მიღებულ ბრძანებას დავემორჩილო, რომ ქვეყანა
სანქციებს მიუერთდეს ან ჯარი მოვამზადო. მე ხომ ვიცი, რომ აღნიშნული
სანქციები ჩემი ქვეყნის ეკონომისთვის იქნება დამაზიანებელი. შენ თუ ჩემი
მეგობარი ხარ, რატომ, მაიძულებ გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩემი
ხალხისთვის დამღუპველი იქნება? სანქციებზე ამბობდნენ, ჩვენ ეს როდის
გვითქვამსო და მერე პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს, სადაც წერია, რომ
საქართველო ისჯება სანქციებზე არმიერთების გამო. როდესაც გეუბნებიან, წადი
კედელს დაეტაკაო და იცი, რომ თავი გაგიტყდება, გიჟი ხომ არ ხარ, რომ
დაეტაკო?!“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.