იუმორისტსა და სამოქალაქო აქტივისტს გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ზურაბ ჭიღლაძე, რომელიც ამბობს, რომ ნასარიძე მის საკუთრებაში უკვე ათი წელია ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ ცნობილი იუმორისტი ქონებას 2009 წელს უკანონოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელშეწყობით დაეუფლა.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ჭიღლაძე იხსენებს, რომ 2001 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 37 ბ ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში, 108 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისგან შეიძინა. ნასყიდობა საჯარო რეესტრის ბაზაში აისახა, სადაც ბინის მესაკუთრედ სწორედ ზურაბ ჭიღლაძე ფიქსირდება.
-0:00
მოქალაქე იხსენებს, როგორ დაკარგა საკუთარი ქონება:
– დარაჯად ხომ არ დავუდგებოდი მშენებარე ბინას?! როგორღაც მოხდა ისე, რომ გიგა ნასარიძე შესახლდა ჩემს ბინაში. იგი “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი აქტივისტია და სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა შესახლება შავ-ბნელი მეთოდებით, როგორც მათთვის იყო დამახასიათებელი.
როგორც კი გავიგე, რომ ჩემ ბინაში იყო შეჭრილი, იმ დღიდან მოყოლებული ვდავობ სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლა, თუმცა მისი გამოსახლება ჯერ მაინც ვერ შევძელით, რადგან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს პროცესები ისედაც დროშია გაჭიანურებული და ნასარიძე ყველანაირად ცდილობს კიდევ უფრო გააჭიანუროს – გაასაჩივრებს მესამე ინსტანციაშიც და საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, ვინ იცის… ამასობაში კი გადის წლები, ცხოვრება და მე ჩემს სახლში შესვლის უფლება არ მაქვს.
მოვითხოვ, დროულად მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩემს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით სარგებლობა შევძლო” – უყვება AMBEBI.GE-ს ზურა ჭიღლაძე.

დაზარალებულის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი კიღურაძე 2014 წლიდან იცავს. უფლებადამცველი გვიყვება, რომ გიგა ნასარიძემ სასამართლო პროცესებზე ვერ წარადგინა ვერანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რის გამოც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრძოლა წააგო.
– ჩვენ გავაქვს პრეტენზია მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ. საჯარო რეესტრთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ გვექნება, რადგან ჩანაწერი არსებობს, რომ ეს ფართი ჭიღლაძის საკუთრებაა და არსებობდა მაშინაც, როდესაც ნასარიძემ ვითომ “შეიძინა”. იგი ან შეგნებულად არ გაეცნო რეესტრის მონაცემებს, ან გაეცნო და უგულებელყო, რადგან ასე აწყობდა.
წარმოუდგენელია, 5 წელი გიწევდეს ადამიანის გამოსახლებაზე დავა. უდიდესი პრობლემაა ის, რომ ვერანაირი ვადების დათქმა და კონტროლი ვერ ხერხდება სასამართლო დავების განხილვისას და უსასრულოდ ჭიანურდება პროცესი. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს განხილვა, მაგრამ გამოდის, რომ ეს ნორმა არის მკვდრადშობილი.
ჩვენ მოვიგეთ პირველი ინსტანციის სასამართლო, წესით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგა ნასარიძე უნდა გამოსახლებულიყო. ეს კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ მას არავინ იყენებს – ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, რაც გამოსახლებებთან დაკავშირებით არსებობს. როცა ადამიანი უკანონოდ არის შესახლებული სხვის საცხოვრებელში, რატომ არ ასახლებენ მას პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილებით?!” – ამბობს ადვოკატი,წყარო AMBEBI.GE