პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ რატომ დასჭირდა დანიგანს ამ საკითხის ხელახლა გაცოცხლება. ანუ, მან მაინც გადაწყვიტა, რომ წასვლის წინ დატოვოს ცუდი კვალი და კარების გამოჯახუნების ერთგვარი ჟესტი იყო მისი ბოლო ინტერვიუ „რადიო თავისუფლებაში“. იმ რადიოში, რომელიც სხვათა შორის თვითონ აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დახურა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენთან მაინც ფუნქციონირებს,-ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-ის გადამდგარმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, აღნიშნული განცხადების გაკეთებით ერთგვარი განხეთქილების ვაშლი ჩამოაგდო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში.
„რაც შეეხება ამ ფაქტს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, როცა ეს ფაქტი პირველად გახდა ცნობილი, მაშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეა უკვე გასული, ამ პერიოდში აშშ-ის იმჟამად მოქმედ ელჩს არანაირი სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა ეს კომენტარი გააკეთა, დატოვა და წავიდა, ანუ კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლივით ჩამოაგდო“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, უკვე მრავალი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ხდება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, მიუხედავად ამისა, იგი მტკიცედ აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესს პირად ინტერესში არასდროს გაცვლის.
„ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე წლების განმავლობაში არის ნათელი, ანუ ადამიანი ამბობს, რომ ხდება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩემი ფაქტობრივი დასანქცირება და კვალი ამ დასანქცირებისა ნათლად ჩანს. მათ შორის ნახსენებია იქ, რომ თვითონ ამერიკელი იურისტები არიან ერთ-ერთ შვეიცარულ ბანკთან დაკავშირებით, როცა სასამართლოც კი დასჭირდა, რომ თავისი კანონიერი თანხების, ასე ვთქვათ, განკარგვის უფლება ჰქონოდა და ჩვენ ვიცით, რომ ყველა სასამართლომ მას გამართლება და გამარჯვება მოუპოვა, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ უხილავი ხელი მის წვდომას კანონიერ ანგარიშებზე და თანხებზე არ აძლევს საშუალებას. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი მე ასე ვიტყოდი, რომელიც არ აძლევს კანონიერი უფლების აღსრულების შესაძლებლობას და ამ პირობებში შენ გეუბნებიან, რომ მოდი შემხვდი. ანუ ეს მარტივად რა არის იცით? – როდესაც ვიღაც ჰყავთ მძევლად აყვანილი და ამ დროს მოდი მოვილაპარაკოთ. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ასე არ მოვილაპარაკებ. იმიტომ, რომ მე ჩემი ამ კანონიერი თანხების ბედი კი არ მანაღვლებს, ეს ისედაც გაქვთ დაყადაღებული და არ ვცვლი მე ამაში საქართველოს ინტერესებს. ანუ თქვენ, თუ რეალურად, პატიოსნად გინდათ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა, მაშინ მოხსენით ეს ფარული, მაგრამ რეალური შანტაჟის მექანიზმი ჩემს წინააღმდეგ და რეალურად საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ და ეს ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბატონი ო’ბრაიენის, დროსაც მან განაცხადა, რომ არ შევხვდები არავის როდესაც რაღაც არის მძევლად ჩადებული. აქ ოპოზიცია კვლავ დაიწყებს, რომ მას [ბიძინა ივანიშვილს] თავისი ფული აინტერესებს, ძალიან მარტივია, ადამიანს, რომ თავისი ფული აინტერესებდეს შეხვდებოდა, ილაპარაკებდა და კი არ დაიბრუნებდა მხოლოდ, შეიძლება რაღაცა ქვეყნის ინტერესის გაცვლაში გაეორმაგებინა კიდევაც. მაგრამ არ აკეთებს ეს ადამიანი ამას და მათ ვინც ამ შანტაჟზე მიდის მათ მიზნებს ეს გზა, რომ უმდიდრესი ადამიანია და მისი სიმდიდრეზე ზეწოლა მის ასე ვთქვათ, დათმობებს და სირბილებს მოგვცემს ხელთ. მაგრამ არ გამოდის ეს საკითხი“,-განაცხადა ქადაგიშვილმა
ქადაგიშვილი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის რამდენმე თვის წინანდელ წერილს, სადაც ის გამოხატავს დიდ დაინტერესებას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით და სთავაზობს თავად გადაწყვიტონ, თუ რაში გამოიყენოს აღნიშნული თანხები.
„წერილში ერთი საინტერესო რამ არის. ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, მე იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენით და განვითარებითო, რომ სთავაზობს თქვენ თვითონ თქვით თუ გინდათ ეს თანხები რაში გამოვიყენოო, იმიტომ რომ ეს ფული მე ჩემთვის არ მინდაო. მისი მიზანი არის, რომ პირველივე საუბარი აი ამ გაფუჭებული ურთიერთობების დროს, დაიწყოს სამართლიანობით და არა ისე, რომ შენთვის მე შანტაჟისთვის მაქვს გადანახული, მძევლად აყვანილი თანხები და ახალა მე მოვალ და ამ თანხების ფონზე დაგელაპარაკები. ეს არის პრინციპი და ამ პრინციპის ერთგულია ეს ადამიანი. მისი ცხოვრების კრედო. შანტაჟის ფონზე ის არასდროს, არავისთან, მითუმეტეს კარგ საქმეზე, არ ურთიერთობს. იმიტომ რომ, არ შეიძლება კარგი საქმე შანტაჟის ქვეშ კეთდებოდეს. მეორე საკითხიც არის ერთი პერიოდი, იქვე აღნიშნავს, როდესაც ეს არაფორმალური სანქციები შეჩერებულ იქნა და თანხების განკარგვის საშუალება მომეცაო, მე მაშინ შევთავაზე, რომ შეიძლება ახლა შეხვედრაო და რამდენჯერმე ამ შეხვედრას, რომელიც უნდა შემდგარიყო ელჩმა თავი აარიდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს პატიოსან თამაშის წესებთან და საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, პატიოსანი თამაშის წესები, ყველგან და ყველაფერში. პატიოსანი თამაშის წესები აგრეთვე მოითხოვს ერთმანეთის ინტერესების სრულად გათვალისწინებას.“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.