fbpx

ირაკლი კობახიძე – სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ისე იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ

ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები პირველ რიგში იმ კუთხით, რომ გვინდა ჩვენი ქვეყნის ე.წ დაკავშირებადობის, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივად აკავშირებს ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ინვესტიციების განხორციელების კუთხით სერიოზული გეგმები არსებობს.

„გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად 45 ქვეყანასთან. ინფრასტრუქტურაც განვითარდება. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობას იგივე ჩინეთთან, ევროპა, სხვადასხვა კუთხით ქვეყნების დაკავშირება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოეწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს სერიოზული პოტენციალი და მათ შორის ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა გავაგრძელოთ, მთავარი ეს არის როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ისე იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ჩვენს გარშემო არის ძალიან რთული ვითარება, ჩვენს რეგიონში არის ორი ომი, უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში, ევროპას აქვს სერიოზული სირთულეები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით არის ძალიან ცუდი მონაცემები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა ეს სირთულე დაიძლევა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლის იანვარ-თებერვალში უკრაინაში დასრულდება ომი, ახლო აღმოსავლეთშიც, იმედია, მანამდე დასრულდება ომი, რაც უნდა გახდეს ახალი ფაზის დაწყების საფუძველი, მათ შორის ევროპის განვითარების კუთხით. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება