2008 წელს ჩვეულებრივად მოძრაობდა კოდორის ხეობაში ხალხი, ნებისმიერი შევიდოდა, ვინც ფორმირებაში ნამყოფი არ იყო მაშინ, მაგრამ მერე ხელის შეშლა დაიწყო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) გვიშლიდა ხელს, აწყობდნენ ბევრ პროვოკაციას, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. გერლიანის განცხადებით, კუდ-მა ხეობისკენ წასული ადგილობრივების შესაშინებლად მოაწყო თითქოსდა ორმხრივი სროლა, ჯგუფია გადმოსული და უკან დაბრუნდით, თორემ ჩაგხოცავენო, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მაინც განაგრძეს გზა და აღმოჩნდა, რომ ქართველების გარდა, სოფელ საკენამდე, არავინ იყო. „ერთხელ ჩვენ შევდიოდით და ჩვენს შესაშინებლად მოაწყვეს, თითქოს, ორმხრივი სროლა არისო. კუდ-ის ჯგუფი წავიდა წინ, ჭუბერში იყვნენ დისლოცირებულები, 10-15 კაცი განლაგდნენ რაღაც სიშორეზე და დაიწყეს ჰაერში სროლა, რომ მივდიოდით კოდორის ხეობაში, ვიცოდით, რომ არაფერი ხდებოდა. გვითხრეს, რომ ჯგუფია გადმოსული, მოხდა საცეცხლე კონტაქტი, უკან დაბრუნდით, თორემ აგიყვანენ, ჩაგხოცავენ- ასეთი რაღაცები კეთდებოდა, სპექტაკლებს დგამდნენ. ორმელეთის ხეობა, სანამ უღელტეხილზე ავიდოდით, მანდ მოხდა ეს, მაგრამ მაინც მივედით ბოლომდე და სამწუხაროდ, მარტო ჩვენები დაგვხვდნენ მანდ, სხვა არავინ იყო. არც უღელტეხილზე იდგნენ რუსები და საკენში რომ ჩახვიდოდი, მერე იყო მათი საგუშაგო, მანამდე კაციშვილი არ იდგა 2008 წელს. მერე, როცა დაიწყო პროვოკაციები [სოდ-ის მხრიდან], მერე უკვე დაამატეს საგუშაგოები და გააძლიერეს დაცვა. მანამდე პრობლემა არ იყო, საკენში ჩავდიოდით, იქ იყო საგუშაგო და მანქანებს ამოწმებდნენ უბრალოდ, იარაღი ხომ არ იყო და დოკუმენტაციას კითხულობდნენ, ალბათ მერე ამოწმებდნენ სიაში [სამხედროების სია, რომელიც ოკუპანტებს ხელში ჩაუვარდათ] იყო თუ არა.“ – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.