„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს“-განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო. „ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება“-განაცხადა თეა წულუკიანმა.