თამარ ჩიბურდანიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: თუკი ამერიკის ეროვნული ინტერესია არ ჰყავდეს ანტიამერიკული მთავრობა მნიშვნელოვან რეგიონში, ჩვენი ეროვნული ინტერესია, არ გვყავდეს ანტიქართული პარტნიორი მთელს მსოფლიოში

„მარკო რუბიოს ზოგადი პასუხი არის იმის შედეგი, რომ პატარა ქვეყნის პრემიერმა დიდი ქვეყნის ხელისუფლება აიძულა, დუმილი დაერღვია და სათქმელი ხმამაღლა ეთქვათ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ექსპერტის თქმითვე, აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან მიმართებით მთავარი სათქმელი ჯერ არ უთქვამს, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოში იციან, რომ თუ მეგობრულად გაწვდილ ხელს იგნორს უკეთებენ, ხელს უკვე სხვას უწვდი. ჩიბურდანიძის განცხადებითვე, სამწუხარო იქნება, თუ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით შეცდომას დაუშვებს. „მარკო რუბიოს გუშინდელმა განცხადებამ ჯო უილსონის დაფინანსებულ კითხვაზე, საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა, საკითხავია, რატომ? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა თქვა ის, რომ მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში იყოს ანტიამერიკული მთავრობა. და რა არის აქ მიუღებელი? სხვა რა უნდა ეთქვა ქვეყნის ხელისუფალს? გასაკვირი ის იქნებოდა, რომ პირიქით ეთქვა. განა არ ვიცით, რომ ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება? მეორე საკითხია, ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – საკუთარი ქვეყნის თუ ამერიკის ეროვნული ინტერესები? უსაფუძვლოდ აჟიტირებული ოპოზიცია რომ სხვისი ინტერესების გამტარებლები იყვნენ, ისედაც ვიცოდით, თუმცა, გუშინ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ხოლო მეორე მხარისთვის, რომელიც თვლის, რომ სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით არ უნდა იცხოვრო, არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება მარკო რუბიოს ზოგად განცხადებას, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ თუკი ამერიკის ეროვნული ინტერესია არ ჰყავდეს ანტიამერიკული მთავრობა მნიშვნელოვან რეგიონში, ჩვენი ეროვნული ინტერესია, არ გვყავდეს ანტიქართული პარტნიორი მთელს მსოფლიოში. სხვა მხრივ, თანამშრომლობის და მეგობრობის პრობლემა არ არსებობს. დაველოდოთ, რას განიხილავენ აშშ-ში და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. პოლიტიკაში მთავარი ის კი არ არის, იცოდე, სხვას რა უნდა (ამას ოპოზიცია აკეთებს), მთავარია იცოდე, შენ რა გინდა და რა სჭირდება ქვეყანას. როდესაც ეს იცი, ყველაფერს სწორად მიყვები. ჯო უილსონის პროვოკაციული კითხვაც, რაზეც სავარაუდოდ წინასწარ იცოდა პასუხი, 26 მაისის მოახლოებას უკავშირდება, რათა მუხტი აწიოს ოპოზიციაში. საერთო ჯამში კი, მარკო რუბიოს ზოგადი პასუხი არის იმის შედეგი, რომ პატარა ქვეყნის პრემიერმა დიდი ქვეყნის ხელისუფლება აიძულა, დუმილი დაერღვია და სათქმელი ხმამაღლა ეთქვათ. მთავარი სათქმელი ჯერ არ თქმულა, მაგრამ ჩვენ ვიცით ელემენტარული ჭეშმარიტება – თუკი მეგობრულად გაწვდილ ხელს იგნორს უკეთებენ, ხელს უკვე სხვას უწვდი. სამწუხარო იქნება, თუკი დასავლეთი ასეთ შეცდომას დაუშვებს, თუ უკვე არ დაუშვა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება