თამარ ჩიბურდანიძე: ლონდონში ჩაშლილი შეხვედრა მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ვერ გაირკვა, თუ ვის რა შეხვდება უკრაინისგან? რუსეთის მოთხოვნები ღიაა, მაგრამ დახურულია ომის ავტორების ფარული ზრახვები

„რუსეთის ინტერესები ყველამ იცის და ეს ხელის გულზე დევს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ხალხისთვის უკრაინის დროშას ამოფარებული ომის ავტორების ინტერესები. ვნახოთ, რას დაუთმობს ტრამპი მისთვის მიუღებელ ევროკავშირის და ბრიტანეთის დღევანდელ ხელისუფლებას?“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც უკრაინის თემაზე ლონდონში ჩაშლილ შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტის თქმითვე, ძლიერი დასავლეთის დაბალანსება ძლიერი აღმოსავლეთით საქართველოს ყველაზე მეტად აწყობს. „უკრაინის ომი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები ვერ შეთანხმდებიან უკრაინის ტერიტორიების დანაწილებაზე. აქ მხარეებში ვგულისხმობთ არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინას, არამედ, ამერიკასა და ევროპა-ბრიტანეთს. თუ რომელიმე ბრიყვს კიდე სჯერა, რომ ეს ომი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, შეუძლია გადახედოს ქრონიკებს და ადვილად დარწმუნდება, რომ მსოფლიოს ახალი გადანაწილება ჩრდილოვანმა მმართველებმა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომით დაიწყეს. ეს ომი არ დაწყებულა იმისთვის, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში მშვიდობა დამყარებულიყო რუსეთ-უკრაინას შორის. ამ ომის ავტორებს ეს წლებზე ჰქონდათ გათვლილი, რაშიც უნდა ჩაეთრიათ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველოც. ეს ცეცხლი უნდა მოდებოდა კიდევ სხვა რეგიონებს, რათა კარგად ევაჭრათ ძალისმიერი ენით და მიეღოთ მსოფლიოს ახალი წესრიგი. ის, რომ დონალდ ტრამპს სხვა გეგმა აქვს და სხვაგვარი წესრიგისკენ სურს წაიყვანოს მსოფლიო, ჯერჯერობით მხოლოდ კეთილი სურვილია, თუმცა, არცთუ ისე ლმობიერი. მკაცრი მშვიდობის პოლიტიკას შედეგი აუცილებლად მოჰყვება, მაგრამ ამასთან ერთად მივიღებთ სხვა შედეგსაც – კიდევ უფრო გაძლიერებულ სამხრეთ-აღმოსავლეთს. ძლიერი დასავლეთის დაბალანსება ძლიერი აღმოსავლეთით თუ ვინმეს აწყობს, უპირველეს ყოვლისა სწორედ საქართველოს. ეს ჩვენი პოლიტიკაა. რაც შეეხება ევროპას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში ევროკავშირმა მთავარი როლი უნდა შეასრულოსო. სწორედ ეს ამბიცია დაანგრევს ამ ორგანიზაციას, რადგან რაც სურთ მათ, ის არ სურს ამერიკას. მათი ისტორიული ჭიდილი კი სავალალოდ დასრულდება ორივე მხარისთვის, განსაკუთრებით ევროპისთვის. უკრაინის ომიც ამერიკა-ევროპას შორის ძალთა ჭიდილის თემაა. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ბაიდენის ომია. დავამატებდი, ეს ბაიდენის და ევროპის ომია რუსეთ-უკრაინის მონაწილეობით. ვინც ეს ომი დაიწყო გრძელვადიანი მიზნებისთვის, ისინი დღეს უკვე ევროპა-ბრიტანეთში გამაგრებული არაფორმალური მმართველები არიან და მათ ჯერ შედეგი არ მიუღიათ. სწორედ ამიტომ ჩაიშალა დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკრაინის ომის თემაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ვერ გაირკვა, თუ ვის რა შეხვდება უკრაინისგან. რუსეთის ინტერესები ყველამ იცის და ეს ხელის გულზე დევს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ხალხისთვის უკრაინის დროშას ამოფარებული ომის ავტორების ინტერესები. ვნახოთ, რას დაუთმობს ტრამპი მისთვის მიუღებელ ევროკავშირის და ბრიტანეთის დღევანდელ ხელისუფლებას?“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება