პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულ – ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკური კუთხით უკვე დაიწყო.
ექსპერტის თქმით, ამერიკის ხელისუფლებები მიჩვეული იყვნენ საქართველოში თავიანთი ინტერესების გატარებას, რაშიც ჩიბურდანიძე საქართველოს ყოფილ ხელისუფლებებს ადანაშაულებს.
„ქართულ – ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკური კუთხით უკვე დაიწყო. ამერიკაში იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა იხუმრა – ალბათ საქართველოს დელეგაცია მექსიკიდან შეიპარა ამერიკაშიო – ამით მან ოპოზიციას გასცა პასუხი, რომელიც ელოდა, რომ დასანქცირებული ხელისუფლება ვერ შეაღწევდა ამერიკაში და ოფიციალური შეხვედრები იქნებოდა კარჩაკეტილი.
ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართ დღემდე არცერთი ოფიციალური განცხადება არ გააკეთა, გარდა იმ ორაზროვანი განცხადებისა, რომელსაც ჩამოეკიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ, მიუთითებდა იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებდა ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესები თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენს ინტერესებთან. ამერიკის ყველა ხელისუფლება მიჩვეული იყო, რომ მათი ინტერესები იყო უპირატესი საქართველოში და არა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამ შემთხვევაში მე მათ არ ვადანაშაულებ. დამნაშავეები იყვნენ საქართველოს ყოფილი ხელისუფლებები, რომლებმაც მიაჩვიეს უცხო ქვეყნები, რომ მათი ინტერესები იყო უპირატესი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.