„ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ ქობულეთში, 9 აპრილის მემორიალთან მოსახლეობას მიმართა. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა გმირებს, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. „უნდა დავიჯეროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ შეგვიძლია, როგორც დიდი ილია იტყოდა- ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია სიყვარული და არა ის სიძულვილი, რასაც დღეს ვხედავთ. „მადლობა ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ მთავარი მისიისთვის – ამ ქვეყანას დაებრუნებინა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისინი სწორედ ამ სიყვარულისთვის იბრძოდნენ. მე 9 აპრილის თაობა ვარ, 4 აპრილიდან 9 აპრილამდე ყველა წუთიც ზუსტად მახსოვს და შემდეგი პერიოდიც. ამიტომ, თუ პატივი გვინდა ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას და ამ ქვეყანას, იმ პერიოდის სიყვარული უნდა დავუბრუნოთ ქვეყანას და არა ის სიძულვილი, რასაც დღეს, თუნდაც დედაქალაქში, 9 აპრილის ძეგლთან ვხედავთ. ამით, ამ ქვეყანას ვერ მოვუტანთ მომავალს, ეს მომავალი იმ ახალგაზრდა თაობის ხელშია, ვინც დღეს, აქ მოვიდა ამ ისტორიის გასახსენებლად. ჩვენს თაობას შეუძლია, რომ გადასცეს ის მუხტი, რაც მაშინ იყო და მთავარი იდეა – ქვეყნის დამოუკიდებლობა და არა ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი ცენტრიდან ჩვენი მომავალი გადავაბაროთ სხვა ცენტრს. უნდა დავიჯეროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ შეგვიძლია, როგორც დიდი ილია იტყოდა- ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ჩვენ ამის ძალაც გვაქვს, უნარიც და შნოც, ოღონდ ამას შევძლებთ ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის გონიერება ამ ქვეყანას აქამდე მიიყვანს,“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ