ვფიქრობთ, რომ შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფროგაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ – KAZIN DMC 

წლის დასაწყისში ჩვენ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო
გამოფენებში და მოლოდინი გვქონდა, რომ შემოსული ტურისტების რიცხვი უნდა
გაზრდილიყო, – აცხადებს ტურისტული კომპანია KAZIN DMC-ის
თანადამფუძნებელი ცოტნე მიროტაძე 2025 წლის 6 თვის სტატისტიკის
 შეფასებისას. მისი თქმით, KAZIN DMC ძირითადად აზიის და ახლო აღმოსავლეთის
ბაზრებზე მუშაობს, საიდანაც ზრდის ტენდენცია არის. 

„ჩვენი ძირითადი აქცენტი აზიურ ქვეყნებზე იყო და სტატისტიკაც აჩვენებს, რომ
მათი წილი გაცილებით უფრო სწრაფად მზარდია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ივნისში
რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ცუდად იმოქმედა შემოდინებაზე.
ჩვენი ძირითადი პარტნიორი არის IndiGo, მან ივლისში საერთოდ გააუქმა ფრენები.
არადა ავიაკომპანიას პირიქით უნდა დაემატებინა ახალი მიმართულება
ინდოეთიდან. ამან ცალსახად ცუდი გავლენა იქონია ჩვენს შედეგებზე უკვე მეორე
კვარტალში და შესაბამისად ბევრი გაუქმება მივიღეთ“, – აცხადებს ტურისტული
კომპანიის თანადამფუძნებელი.
ირკვევა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2025 წლის პირველ ნახევარში
 KAZIN DMC-ს ყველაზე დიდი ზრდა მაინც ინდოეთიდან და ყურის ქვეყნებიდან
უფიქსირდება. 
„ინდოეთიდან გვიფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა. ჩვენი ბაზარი ძირითადად
აზიური ქვეყნებია და ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლა უფრო მზარდი იყო.
ასევე მზარდი მიმართულებაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები: საუდის არაბეთი და
არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, – აცხადებს ცოტნე მიროტაძე.
ის პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგანაც არსებული
გეოპოლიტიკური ვითარების გამო გართულებებს ისევ არ გამორიცხავს. 
„რთულია პროგნოზების გაკეთება და ყველაფრისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ,
რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გარემოებები შეიცვალოს. მოლოდინი გაქვს
მხოლოდ დადებითი და პოზიტიური და რაც ჩვენს ხელშია იქიდან გამომდინარე
ვფიქრობთ, რომ შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და
2025 წელს 2024 წლის მონაცემებს გავაუმჯობესებთ“, – აცხადებს ცოტნე მიროტაძე. 
2025 წლის იანვარი-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში
ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ
მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების
რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.

იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო
მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო
საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი
შეადგინა.
2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით,
6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით –
საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით – საერთაშორისო ტურისტების.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება