ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ, რომ დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა. ქვეყნის გარედან მართულ ჯგუფებს ფინანსების კლების პროპორციულად აღარ შესწევთ ძალა მასშტაბური დესტრუქციისთვის − ამისათვის არ ჰყოფნით ხალხის რაოდენობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმო სანქციების და კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქუჩებში მსგავსი გამოვლინებები. მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური ნაც.მოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი. საზოგადოებამ იხილა მრავალგზის მსჯავრდებული ნიკანორ მელიას მორიგი მდაბიო პროვოკაციაც, როდესაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა.
ამ ყველაფერში მონაწილეობს აგენტურული ქსელის კიდევ ერთი განშტოება − კოლექტიური ნაც.მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას.
აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად არცერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსასჯელ ნაც.აქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის ხელის შეშლას.
სასამართლოზე თავდასხმა არ არის ახალი მეთოდი − ჩვენ გვინახავს უცხო ქვეყნების მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის ფაქტები, როდესაც ხდებოდა ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება: აშშ-ში სასწავლო კურსებიდან ჩახსნა, მოსამართლეების საელჩოში დაბარება, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირება და ა.შ. და ა.შ.
ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაც.აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე.