პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს შოთა ბერეკაშვილს მიმართა. „ასოცირების ხელშეკრულებაში ეს დირექტივები ასახული არ არის, მაგრამ იქ ასახულია ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თავსებადობის გაზრდა“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს ახორციელებს, რაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს გულისხმობს და ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეგულაციებთან სრული თანხვედრა. ეკა სეფაშვილის თქმით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროინტეგრაციის, არამედ საქართველოს, როგორც გლობალური მოთამაშის როლის გაზრდისთვის. „ბატონო შოთა, დიდი მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია – ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია იმიტომ, რომ ეთანხმება თანამედროვე რეგულაციებსა და სამართლებრივ სივრცეს, რომელიც არსებობს ევროკავშირის ბაზარზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან ელექტროდაკავშირებულობის გაზრდას, რაც გამოიხატება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანაში. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემოგვაქვს ეს დირექტივები, რათა სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის ბაზართან. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ეს დირექტივები ასახული არ არის, მაგრამ იქ ასახულია ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თავსებადობის გაზრდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ევროინტეგრაციის, არამედ ჩვენი და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით და საქართველოს გლობალური ეკონომიკური მოთამაშის როლის გაზრდისათვის. მე მივესალმები ამ ცვლილებებს და მხარს ვუჭერ,“-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.