ეკა სეფაშვილი: ევროსაბჭოს მოთხოვნების ფონზე, ევროპის აუდიტორთა საბჭო აქვეყნებს სკანდალურ დასკვნას, ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების არალეგიტიმურ ქმედებებთან დაკავშირებით

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციების არალეგიტიმურ ქმედებებთან დაკავშირებით, ევროპის აუდიტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ დასკვნას მედიასთან ეხმიანება. „7 მილიარდი ევრო, რომელიც ქაღალდზე გამოყოფილი იყო გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე სამუშაოდ, თურმე ხმარდებოდა კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების, პოლიტიკოსების ხმების ჩასახშობად“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ ენჯეოები საკუთარ მიზნებს შეფარვით ახორციელებდნენ, ასევე ევროპის აუდიტორთა საბჭომ პროცედურული დარღვევებიც აღმოაჩინა, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, კომერციული ორგანიზაციები ფინანსდებოდა. ეკა სეფაშვილმა განმარტა, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ფურცელზე კეთილსინდისიერ მიზნებს წერენ, თუმცა ფარულად საპირისპიროს ახორციელებენ და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. დეპუტატი ბრიტანეთის საელჩოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულ კონკურსსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების დაკვირვებისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ბრიტანეთის საელჩო ვერ ამბობს დააფინანსებს თუ არა ISFED-ს – ორგანიზაციას, რომელიც სკანდალში ორჯერ გაეხვა. „ნიშანდობლივია, როდესაც ევროსაბჭოს მოთხოვნების ფონზე, ევროპის აუდიტორთა საბჭო აქვეყნებს სკანდალურ დასკვნას, ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების არალეგიტიმურ ქმედებებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა ასეთი ფაქტი, რომ 7 მილიარდი ევრო, რომელიც ქაღალდზე გამოყოფილი იყო გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე სამუშაოდ, თურმე ხმარდებოდა კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების, პოლიტიკოსების ხმების ჩასახშობად. როგორც ერთ-ერთი აუდიტორი ამბობს, არასამთავრობო სექტორისათვის ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ თურმე დაფინანსებული იყო არა სამოქალაქო საზოგადოება, არამედ მაგალითად, კომერციული ორგანიზაციები, რაც ასევე პროცედურების დარღვევაა. თურმე დაფინანსებული იყო ისეთი ორგანიზაციები, სადაც ძირითადად ამა თუ იმ მთავრობების წევრები მუშაობენ. გარდა იმისა, რომ მიზნების შეფარვით ხდებოდა მათი სხვა ჩანაფიქრების განხორციელება, ასევე პროცედურულადაც იყო დარღვევები. დღეს გამოდგებიან ევროკომისიის ბიუროკრატიის წარმომადგენლები, იგივე ევროსაბჭოს წევრი დეპუტატები და მოუწოდებენ საქართველოს, გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან საჭირო კანონია. დღესდღეობით უკვე ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის ადმინისტრაციაც საუბრობს იმაზე, თუ როგორ არაკეთილსინდისიერად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის გამოყოფილ გრანტებს. ეს ყველა არასამთავრობოს არ ეხება, ბევრია ისეთი, რომლებიც თავიანთი მიზნების შესაბამისად მოქმედებენ და მუშაობენ – გარემოს დაცვის თუ სხვა საკითხებს ლობირებენ. ყველაზე მდიდარ ენჯეოებს, რომლებიც დიდ დაფინანსებას იღებენ, ფარული სახელწოდებები აქვთ – კეთილშობილი მიზნები უწერიათ ქაღალდზე, მაგრამ ახორციელებენ საპირისპიროს, როგორც ევროპაში ასევე საქართველოშიც და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. ბრიტანეთის საელჩომ გამოაცხადა კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ არჩევნებს დააკვირდნენ. მათ არ გაუციათ პასუხი, დააფინანსებენ თუ არა ISFED-ს, რომელიც ორჯერ გაეხვა სკანდალში: პირველად, როცა ყალბი მონაცემები გამოაქვეყნა და მეორედ, როდესაც ISFED-ის მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს, უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ და საერთოდ არ გამოაქვეყნეს ეს მონაცემები. ასეთი დისკრედიტირებული ორგანიზაციის შესახებ საელჩო პასუხს ვერ იძლევა – დააფინანსებს თუ არა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო დონორების, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების სამარცხვინო ქმედებები, მაგალითად “სირცხვილია”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საფარი” და ა.შ. მათ მოაწყვეს ცირკი 9 აპრილის მემორიალთან,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება