დიმიტრი ხუნდაძე: მინისტრის საათი არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომლებსაც განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ, რაც ეხება მათ რაიონს, სოფელს და სხვა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად ინტერპელაციის დღეების გაზრდასა და მინისტრის საათის გაუქმებას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მხარს არ უჭერს. მისი თქმით მინისტრის საათს ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს გააჩნიათ ხოლმე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დიმიტრი ხუნდაძემ ჰკითხა. „ვფიქრობ, რომ მინისტრის საათს, მის სარგებლიანობას ინფორმირებულობის, ჩართულობის, ზედამხედველობის თვალსაზრისით ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს კითხვის სახით გააჩნიათ ხოლმე იმიტომ, რომ კი ყოველი სასესიო კვირის პარასკევს იქნება, მაგრამ კითხვათა რაოდენობა შეზღუდულია და თუ ჩვენ დავაკვირდებით პრაქტიკულადაც, ის რაოდენობაც, რაც დეპუტატებიდან მოდის კითხვის სახით მინისტრის მიმართ, რაოდენობრივად აბსოლუტურად შეუსაბამო იქნება, ანუ არ იქნება საკმარისი ვთქვათ, ინტერპელაციის სახით და თან ეს არ არის მინისტრისა და დეპუტატის კარგი კომუნიკაციის საშუალება, ეს არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ სესიებს, სადაც მინისტრი წარდგება ანგარიშით და დეპუტატები სვამენ კითხვებს. განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ მათ, რაც უშუალოდ მათ ეხება ან მათ რაიონს, სოფელს და სხვა. მე ვფიქრობ, რომ ამის გაუქმება არ იქნება სწორი. მაინც მინდა შესაძლებლობა დავიტოვო და შემოგთავაზოთ პოლიტიკური ჯგუფის სახელით კენჭისყრამდე გავიაროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია,“ – განაცხადა ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში. მიუხედავად შალვა პაპუაშვილის განმარტებისა, დიმიტრი ხუნდაძე თავის პოზიციაზე დარჩა და ეს დააფიქსირა დაზუსტების სახით. „ვფიქრობ, რომ ინტერპელაციის რაოდენობრივად შესაძლებლობების გაზრდა ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათს. თუ კითხვების წინასწარ გაგზავნაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მხრიდან შესაძლოა კომპრომისი, მაგრამ თქვენს არგუმენტს, რომ ეს შესაძლებლობა არსებულს ჩაანაცვლებს, არ ვეთანხმები. ვერ ჩაანაცვლებს იმიტომ, რომ ინტერპელაციის დროს დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რა ინტერესიც დეპუტატებს გააჩნიათ. მახსოვს მინისტრის საათის დროს 50 კითხვაზე ნაკლები კითხვა დარბაზში არ დასმულა არასდროს და თუ ამას გადავანაწილებთ სასესიო კვირაში ინტერპელაციის შესაძლებლობის დღეების რაოდენობაზე, ვფიქრობ, რომ დიდი დისბალანსი იქნება კითხვათა რაოდენობას შორის. იმის თქმა, რომ კითხვის დასმა არ იზღუდება, არ არის სწორი. პირდაპირ არის ჩანაწერი: „თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი კითხვა, ანუ ორ კითხვაზე გამოყოფილია კონკრეტული დრო და ორზე მეტი კითხვა გაგზავნილი დეპუტატის მხრიდან, მაშინ პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორი კითხვისათვის, ამავე მუხლით გათვალისწინებულ ჯამურ დროს. ანუ ორი კითხვისათვის განკუთვნილი დრო, თუ მეტი კითხვა იქნება, გადანაწილდება ისე, რომ ჯამში მაინც ორი კითხვის დრო დაიხარჯება, თუნდაც 3, 5 და 10 კითხვაზე. ამიტომ, ეს რა, თქმა უნდა, კითხვათა რაოდენობას ზღუდავს დროსთან მიმართებაში,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება