fbpx

დავით ქართველიშვილი: სულ რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი გაიფიცოს, ერთი “მრეცხავი ვარდოს” გაფიცვის ეფექტს ეს ფაქტი მაინც ვერ გადაფარავს

„ამ გაფიცვით ქვეყანას არაფერი დააკლდება, ხოლო მომავალში საქართველოს შეიძლება დამატებითი დურგალი, ხარატი, სანტექნიკოსი, კვალიფიციური მუშა-ხელი შეემატოს, ხოლო დაობლებულ სოფელს – ბაღისა და ბოსტნის, ძროხისა და ქათმის, მოხუცებული მშობლების მომვლელი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი გამოეხმაურა სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილის გაფიცვის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ აკადემიური ხარისხის მატარებელთა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა.

„სულ რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი გაიფიცოს, ერთი “მრეცხავი ვარდოს” გაფიცვის ეფექტს ეს ფაქტი მაინც ვერ გადაფარავს. იმიტომ რომ, ამ გაფიცვით ქვეყანას არაფერი დააკლდება, ხოლო მომავალში საქართველოს შეიძლება დამატებითი დურგალი, ხარატი, სანტექნიკოსი, კვალიფიციური მუშა-ხელი შეემატოს, ხოლო დაობლებულ სოფელს – ბაღისა და ბოსტნის, ძროხისა და ქათმის, მოხუცებული მშობლების მომვლელი. გარდა ამისა, შეიძლება დაჩქარებული ტემპით შედგეს სამშობლოზე გულანთებული დამცველებისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების ესოდენ ნანატრი და საპატიო ჩახუტება.

რაც შეეხება გაფიცულ პროფესორებს – ამ აკადემიური ხარისხის მატარებელთა რაოდენობით საქართველო ალბათ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. მახსოვს თბილისში 90-იანი წლების მიწურულს თურქეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი, რომელიც გააოცა და შეაშინა აეროპორტში მის დასახვედრად გამოჭიმულ წითელ-ლამპასიან გენერალთა რაოდენობა: “ამდენიო ჩვენ, NATO-ს წევრ-ქვეყანასაც არ გაგვაჩნიაო”. გავიდა დრო და ჯარის დე-გენერალიზაციის საკითხიც მოგვარდა. მადლობა ღმერთს, საქართველოში ნამდვილად არის საქმიანობის სფერო, სადაც ბევრი ორ-დიპლომიანი და ყოფილი დოცენტი მშვენივრად მუშაობს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება