fbpx

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირი მაინც იცლის იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის „წარმატებაზე” საუბრობდეს – ომში რომ არ იყოს უკრაინა, „შავი კომედიის” ჟანრს მივაკუთვნებდით ყოველივე ამას

„უკრაინა ჩქარი ტემპით უახლოვდება ევროკავშირს და ამ ტემპს საქართველო არც კი უნდა გაეკაროს. „ევროვიზიის” ამ პოლიტიკურ კონკურსში შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიმარჯვონ.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. მისი თქმით, უკრაინაში არსებული კორუფცია და სხვა კანონდარღვევები ყველასთვის თვალსაჩინოა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი მაინც იცლის იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი აგენტურის გამხნევების მიზნით, ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის „წარმატებაზე” საუბრობდეს. ეს კი, ქართველიშვილის განმარტებით, საშინელებათა ფილმს ჰგავს, რომლისკენ მისაბაძად ასე აკვიატებულად უბიძგებენ საქართველოს. „ამასობაში კი, ზელენსკის ოფისთან დასავლეთის მორიგი კონფლიქტის შედეგად, თანამდებობიდან მოხსნილი ინფრასტრუქტურის მინისტრ კუბრაკოვის შემდეგ, გადააყენეს „ომის შემდგომი აღდგენის სააგენტოს” უფროსიც – მუსტაფა ნაიემი. ამ გადაწყვეტილებამ უკრაინის ლობისტ-აგენტოკრატებისა და მთელი რიგი დიპმისიების ხელმძღვანელთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. განსაკუთრებით შვეიცარიის „სამშვიდობო სამიტის” წინ, სადაც უნდა შეთანხმებულიყო 95 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი უკრაინისთვის. ამას დაემატა ზელენსკის მიმართ ბრალდებები, თუ რა იქნა ქვეყნის ელექტროსისტემის აღდგენისათვის გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი – ფული გაქრა, ხოლო სისტემა ძველებურად მწყობრიდანაა გამოსული. მანამდე კი გაჩნდა სკანდალი – სად წავიდა ხარკოვის ოლქში თავდაცვითი სისტემების ასაშენებლად გამოყოფილი მილიარდები. ფული ასევე გაქრა, მაგრამ არანაირი ლოჯისტიკური სამუშაოები არ ჩატარებულა. ამ ყველაფრის ფონზე, ზელენსკის ოფისი ითხოვს დასავლეთისგან ახალ ტრილიონებს ქვეყნის „რეკონსტრუქციისათვის”. ამ თანხების მიცემას კი კიევისთვის არავინ არ გეგმავს. კორუფციული სკანდალების ფონზე – NATO-ს ხაზით თითქოსდა შეთანხმებული 100-მილიარდიანი ტრანშიც კი შეჩერებულია. რაც შეეხება უკრაინის ბიუჯეტს, მისი დეფიციტი შეადგენს უკვე 50 მილიარდ დოლარს და სულ უფრო ხშირად ისმის სახელმწიფო ვალის დაფარვის ვალდებულების მოთხოვნები. აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან, უკრაინისთვის გამოყოფილ ტრანშებზე ზედამხედველად დანიშნულია მსხვილი პარტიული სპონსორი პენი პრიცკერი, რომლის კონფლიქტი ზელენსკი/ერმაკის ოფისთან სულ უფრო ღრმავდება. როგორც ჩანს, სწორედ ეს წყვილია შერჩეული იდეალური „განტევების ვაცების” როლზე, უკრაინის ეკონომიკის საბოლოო ჩამოშლისა და სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში. ამ ყველაფრის ფონზე, რა ემოცია უნდა გებადებოდეს, როდესაც „ბიაზგამსკდარი” ევროკავშირი მაინც იცლის იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი აგენტურის გამხნევების მიზნით, ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის „წარმატებაზე” საუბრობდეს, რომ ქვეყანამ „ყველა რეკომენდაცია პირნათლად შეასრულა” და ა.შ. ომში რომ არ იყოს უკრაინა, „შავი კომედიის” ჟანრს მივაკუთვნებდით ყოველივე ამას. აქ ტრაგიკომედიაზე საუბარიც კი ცინიზმი იქნებოდა ჩვენგან. ალბათ უფრო horror-ი, ანუ საშინელებათა ფილმია, რომლისკენ მისაბაძად ასე აკვიატებულად უბიძგებენ საქართველოს.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება