fbpx

დაეუფლე ჟურნალისტიკას რეალურ გარემოში – ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“ 4 თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს აცხადებს

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ბაკალავრის ხარისხის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას „მედიასკოლის სტუდიაში“ გაიარონ 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსი, სადაც შერჩეული კანდიდატები პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში მუშაობას, მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნას და მედიაპორტფოლიოს შევსებას შეძლებენ. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებს, გარდა ამისა, დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეო გადაღებასა და მონტაჟს, ასევე, ფროდაქშენს, პროგრამირებას და მულტიმედია ფორმატებზე მუშაობას. აღნიშნული უნარებისა და ცოდნის მიღება „მედიასკოლის სტუდიაში“ უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსებზე მოხვედრას სამ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა 17 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ განცხადება და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპისთვის, კანდიდატები 22 ივლისს, მედიააკადემიაში, წერით ტესტირებას გაივლიან, ბოლოს კი – 25 და 26 ივლისს, შერჩეულ კანდიდატებთან ზეპირი გასაუბრებები ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედია პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს – შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მედიააკადემია წარმატებულ კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 9 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე, 10:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. საგულისხმოა, რომ კურსის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც პრაქტიკული სამუშაოების და რეალურ საინფორმაციო სამსახურში მუშაობისთვის არის საჭირო.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს – https://rb.gy/wy007z , დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება