გოჩა მუკბანიანი: გურამ დონაძემ რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა და მიხვდა, რომ პრობლემა იყო ჩემთან ახლოს გაკარება – ერთ-ერთი არხის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია ახლა მაკა ჩიხლაძე, მაშინ მუშაობდა გადაცემა “პატრულში” და ისიც დამიკავშირდა

როდესაც დაკითხვის პირველი დღე შედგა და 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პირველი დაკითხვა, მაშინვე მითხრეს, რომ ჩემთვის უნდა დაენიშნათ სახელმწიფო დაცვა, თურმე, მე შემეძლო არჩევანი გამეკეთებინა და კატეგორიული უარი ვუთხარი. არ ვიცი რას ვერ ვიაზრებდი თუ ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ, ვუთხარი, სამსახურიდან სახლში გადავადგილდები და ახლა, დონაძემ თუ უნდა მომკლას – მომკლას და დაცვა არ მინდა, – ასე უპასუხა გადაცემა “პატრულის” ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, ყოფილა თუ არა 2012 წლის შემდეგ გურამ დონაძის ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ზეწოლა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, არ ეთქვა სიმართლე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. გოჩა მუკბანიანმა გაიხსენა, რომ გურამ დონაძეს სხვადასხვა ადამიანის მიგზავნის მეშვეობით ჰქონდა მცდელობა, რომ მასთან კონტაქტზე გასულიყო, თუმცა, მიხვდა, რომ ვინაიდან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მუკბანიანთან ახლოს გაკარება პრობლემა იქნებოდა. “დონაძეს ჰყავს ორი და, მე ვიზუალურად ვიცი ისინი, ალბათ ორჯერ მყავს ოფისში ნანახი. მიკავშირდება [დონაძის დებიდან] ერთ-ერთი და ძალიან თბილად და ტკბილად მთხოვს მასთან შეხვედრას. დონაძის დის გამოჩენა, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად მივხვდი რას ნიშნავდა და არ მიცნობს ეს ადამიანი. მე მას ვუთხარი, რომ თუ ეს მე და თქვენ პირადად არ გვეხება და მესამე ადამიანს ეხება, ჯობია, არ შევხვდეთ ერთმანეთს. ამის შესახებ მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოები, იმიტომ, რომ მივხვდი რა და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო. მან ასევე მომიგზავნა ორი ძველი თანამშრომელი, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა. ზოგს იძულებულს ხდიდა რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე – კაცმა არ იცის, ვის რა ვალი ჰქონდა დონაძის, ამაზე მე ვერ მოვყვები. ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია ერთ-ერთი არხის ახლა, ტვინი და გონება არ აკლია, მაგრამ ჟურნალისტი არ ვიცი რამდენად არის, ჟურნალისტობა არ ჰქვია რასაც ის აკეთებს, მაშინ მუშაობდა გადაცემა “პატრულში” ეს გოგონა, ახლა ქალბატონი, ისიც დამიკავშირდა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა და მიხვდა, რომ პრობლემა იყო ჩემთან ახლოს გაკარება იმ პერიოდში, როცა გამოძიებაში იყო საქმე.” – აღნიშნა გოჩა მუკბანიანმა. თეა წულუკიანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არის პრობლემა, რომ ამ ჟურნალისტის სახელი და გვარი საჯაროდ თქვას, გოჩა მუკბანიანმა უპასუხა, რომ ეს იყო მაკა ჩიხლაძე. 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე მოუსმინეს ამირან (ბუტა) რობაქიძის დედას, ია მეტრეველს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება