თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთ რეკრეაციულ
სივრცეს ამჯერად გლდანის რაიონში აწყობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები N28-33 კორპუსების
მიმდებარედ, 3 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
„რეკრეაციული სივრცე ეწყობა გლდანის რაიონშიც. თბილისის მერიის გარემოს
დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N28-33 კორპუსების
მიმდებარედ, შესაბამის სამუშაოებს 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე
ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. 8
500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, ხოლო
დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის
სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები“, – აღნიშნა
კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო ავეჯი, ჩატარდება
გამწვანების სამუშაოები – შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და
დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი.