ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვადასხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ!
მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკისშემცველი არითმია, ე.წ პარკუჭოვანი ფიბრილაცია. არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ! ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი, ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა! ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:
1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ელექტროლიტური ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ, სადაც სხვები სეირნობენ).
6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება, ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.
7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ, შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია უზრუნველყოთ.
8. სასურველია შეიძინოთ პულსომეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსომეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ, რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.
9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.
10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.
12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. წყარო ,,კვირის პალიტრა,,
