fbpx



სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი დააკავეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების  გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მეორე  ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია