fbpx



,,მთავარ არხს,, ასეთი ტყუილის შემდეგ , სიმართლესაც არავინ დაუჯერებს-თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: „ა.წ. 20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები?! COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ, რომ სერიოზული თანხის (10 ათასი ლარი) სანაცვლოდ თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს?!

წლების მანძილზე მე სხვადასხვა ტელევიზიებისგან, მათ შორის იგივე „მთავარი არხისგან“ სხვადასხვა დროს უამრავი ტყუილ-მართალი მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ ამ განცხადებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა (და ისიც ამ გზით) დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?! რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად და ქვეყანას, რომელსაც მთელს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს, თან იმდენად ცოტა, ვინმემ მართლა რომ მოინდომოს ამ გზით გარდაცვლილთა რაოდენობის საშუალო ევროპულ დონემდე გაზრდა, ამისთვის „მთავარი არხის“ ტარიფით – 10 ათასი ლარი ერთ მიცვალებულზე, რამოდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება. ესეც რომ არ იყოს, გაუგებარია, რაში აწყობს ხელისუფლებას არჩევნების გადადება და ისიც ასეთი გზით, მაშინ როცა ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ახლა აქვს, რაშიც თავისი მცირე წვლილი COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამაც შეიტანა.

მახსენდება კონცეპცია, რომელსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ- „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“, მაგრამ ვფიქრობ, თვით ჰიტლერის და ჰებელსის ფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა.

ვინც ამ სიუჟეტს უყურა, ყველა ნახავდა, თუ რა ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა მისი ყველა მონაწილე, „ექსპერტების“ ჩათვლით, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ თუ რამხელა ტყუილს ამბობდნენ. იმ პოლიტიკოსებისაც არ მესმის, რომლებიც მთელ იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ხელისუფლებას COVID-19-ით სიკვდილობის ხელოვნურად გაზრდაში ამხელენ.

მე მესმის, რომ „მთავარი არხი“ ხელმძღვანელობდა პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებებს“, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, რომ ამ შემთხვევაში „საშუალებების“ შერჩევა მაგრად შეეშალათ, რადგან ასეთი ტყუილის შემდეგ მათ, ალბათ სიმართლესაც კი არავინ დაუჯერებს. 

ბოლოს, მთელ ამ სახალისო ისტორიაში ერთი ძალიან სერიოზული დანაშაული იკვეთება – ყალბი მტკიცებულებების შექმნა (მხედველობაში მაქვს რესპონდენტებისგან სასურველი ინფორმაციის მოპოვება), მაგრამ ამის გარკვევა და შეფასება ჩვენს კომპეტენციას სცილდება“,-აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია