fbpx

ფიქრები მომავალზე

მირიან ყარაულაშვილი

 ” ეს ქარიშხალი გადაივლის, მაგრამ იმ არჩევანს, რომელიც ახლა უნდა გავაკეთოთ, შეუძლია შეცვალოს ჩვენი მომდევნო ცხოვრება მრავალი წლის მანძილზე“ –

– წერს ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და დღევანდელობის ყველაზე გაყიდვადი ( Bestseller) გამოცემების ავტორი იუვალ ნოე ჰარარი.

კაცობრიობა ახლა ღრმა კრიზისს განიცდის. ეს ალბათ ჩვენი თაობის ყველაზე დიდი კრიზისია. და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა ხალხი და ხელისუფლებები იღებენ, ჩამოაყალიბებენ იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრებთ – ეს ეხება არა მხოლოდ ჯანმრთელობის სისტემებს, არამედ ეკონომიკას, პოლიტიკასა და კულტურას.

რა უნდა ვქნათ? უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით. საკუთარ თავს მუდმივად უნდა დავუსვათ შეკითხვა: როგორი იქნება ჩვენი სამყარო ქარიშხლის გადავლის შემდეგ? და ეს კი ნამდვილად გადაივლის, კაცობრიობა გადაურჩება პანდემიას,ჩვენი უმეტესობა ცოცხალი დარჩება – მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდებით სრულიად სხვა სამყაროში.

მრავალი, ერთი შეხედვით მოკლევადიანი გადაუდებელი ზომა, შესაძლოა ჩვეულებრივ რამედ იქცეს. ჰარარის თქმით, ეს საგანგებო სიტუაციების ბუნებაა – ისინი აჩქარებს ჩვეულებრივად შენელებულ ისტორიულ პროცესებს. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებას ჩვეულებრივ დროში შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში დაფიქრება და განხილვა სჭირდება, ახლა მიიღება რამდენიმე საათში. რადგან ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია.

დღეს მთელი ქვეყნები გადაიქცევა ფართომასშტაბიანი სოციალური ექსპერიმენტების საცდელ კურდღლებად. რა მოუვა ეკონომიკას, თუ ყველა სახლიდან იმუშავებს (და დაისვენებს)? რა მოუვა საგანმანათლებლო სისტემას, თუ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, დაწყებული სკოლებიდან, გადავა ონლაინ რეჟიმში სწავლებაზე? ნორმალურ დროში ვერავინ გაბედავდა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას.

მაგრამ დღეს სხვა დროა.

კრიზისის პირობებში ჩვენ ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგებით: პირველი არჩევანი არის ყველაზე სრული ხედამხედველობის შემოღებასა (როგორც ეს ხდება ტოტალიტარულ რეჟიმებში) და სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილ ზეგავლენას შორის. მეორე კი – სახელმწიფო დონეზე იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას შორის. რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ?

იმისათვის, რომ პანდემია იქნას შეჩერებული, ქვეყნებმა უნდა დაიცვან გარკვეული წესები. ⁠ ამის მიღწევა შესაძლებელია ყველა მოქალაქეზე ზედამხედველობის წარმოებით, და იმ პირების დასჯით, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილება. დღეს – პირველად ისტორიაში – ტექნოლოგია იძლევა ამის შესაძლებლობას, და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებმა (ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩინეთი) უკვე შემოიღეს ასეთი ზომები: თითქმის ყველგან არსებული სენსორების და ძლიერი ალგორითმების დახმარებით, ისინი აკვირდებიან პოტენციურად ინფიცირებულთა ტემპერატურასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ გადაადგილებასა და კონტაქტებს. მობილური ტელეფონების პროგრამები (აპლიკაციები) ჯანმრთელ ადამიანებს ამცნობს, რომ მათ უახლოვდება ვირუსის მტარებელი.

და ეს ხდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიაში. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ ნება დართო ისრაელის დაზვერვის სამსახურს, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები აკონტროლონ იმ სათვალთვალო ტექნოლოგიებით, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება. როდესაც პარლამენტმა უარი თქვა ამ ზომების დამტკიცებაზე, ნეთანიაჰუმ ისინი საგანგებო ბრძანებულებით გაიტანა.

ეს პანდემია, თუკი მზადყოფნაში არ ვიქნებით – გვაფრთხილებს ჰარარი – შეიძლება წყალგამყოფი იყოს ხელისუფლებების მიერ მათ მოქალაქეებზე ზედამხედველობის ისტორიაში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ნორმად აქცევს“ ტოტალურ კონტროლს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც ადრე უარი თქვეს მასზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ახალ დონეზე გადასვლის ნიშანი – თვალყურის დევნება იმაზე, თუ რა ხდება სხეულში, სიტყვასიტყვით, კანქვეშ-ჩვენს ორგანიზმში.
ხელისუფლებისათვის ახლა უკვე აღარ არის საკმარისი იცოდეს, თუ რომელ ინტერნეტ-რესურსზე გადადიხართ თქვენი სმარტფონის ბმულზე დაჭერით. მათ უკვე სურთ დაინახონ, თუ როგორი ტემპერატურა და წნევა გაქვთ თქვენ ამჟამად.

ტექნოლოგია თავბრუსდამხვევი სისწრაფით ვითარდება, და ის, რაც 10 წლის წინ მეცნიერულ ფანტასტიკად გვეჩვენებოდა, დღეს არის რეალობა, ან, შეიძლება ითქვას, ანაქრონიზმიც კი.

სააზროვნო ექსპერიმენტის სახით, წარმოიდგინეთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც სავალდებულოა ისეთი სამაჯურის ტარება, რომელიც აკონტროლებს თქვენ პულსს, ტემპერატურას, წნევსაა და სხვა მაჩვენებლებს და თქვენი სმარტფონის მეშვეობით აანალიზებს მათ ალგორითმების გამოყენებით( მე პირადად მაქვს ასეთი სამაჯური- 18 დოლარად გამოვიწერე „ალიექსპრესიდან” 🙂 ) .

ამ ალგორითმებს შეეძლებათ იმის გაგება, თუ რა ეტაპზე გახდით ავად, და თქვენი გადაადგილებისა და კონტაქტების გაკონტროლება – ამით მნიშვნელოვნად შეიკვეცება ინფექციის გადაცემის ჯაჭვი. ეს ძალიან დაგვეხმარება ეპიდემიის ჩახშობაში მისი დაწყებისთანავე.

მაგრამ ყველაფერი ამის მთავარი მხარე არის ახალი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული სამეთვალყურეო სისტემის ლეგიტიმაცია. მაგალითად, თუ მე მოვისურვებ ვუყურო „მთავარ არხს“ , და არა „ტვ ობიექტივს“ – ეს ბევრ რამეს ამბობს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. მაგრამ თუ თქვენ (ან სხვას) ამავე დროს გექნებათ შესაძლებლობა აკონტროლოთ – რა ხდება ჩემს სხეულში პროგრამის ყურების დროს – გაიგებთ, თუ რა მაბრაზებს, მაცინებს ან მთრგუნავს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის ემოციები არის ისეთივე ბიოლოგიური ფენომენი, როგორებიცაა ხველა ან ცხელება. და თუ კორპორაციები და ხელისუფლებები დაიწყებენ ბიომეტრიული მონაცემების მასიურად შეგროვების კამპანიებს, ისინი ჩვენს თავს ჩვენზე უკეთ გაიცნობენ, და ყველაზე ცუდი ეს არ იქნება. ისინი მოახერხებენ არა მხოლოდ ჩვენი გრძნობების პროგნოზირებას და გაკონტროლებას, არამედ მათ მანიპულირებასაც კი. ბიომეტრიული მონიტორინგი კარგად ცნობილი სკანდალური Cambridge Analytica – ს სათვალთვალო ალგორითმს ისევე მოძველებულად აქცევს, როგორც მიწის სახნავი ხის კავია დღეს.

ისე, შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია, რომლებსაც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს მიმართავენ. მაგრამ დროებით ზომებს აქვს ერთი უსიამოვნო თვისება: ისინი ხშირად საგანგებო სიტუაციების შემდეგაც რჩება, და ახალ ნორმად იქცევა ხოლმე. მაგალითად, ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 1948 წელს, დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, რითაც გაამართლა გარკვეული დროებითი ზომები – დაწყებული მედიაზე ცენზურისგან და მიწის კონფისკაციიდან, საზოგადოებაში ქცევის სპეციალური წესების ჩათვლით. ომი დასრულდა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არასოდეს გაუქმებულა – ისევე, როგორც არ იქნა გაუქმებული ”დროებითი” ზომების უმეტესობა .

ცენტრალიზებული ზედამხედველობა და მკაცრი სასჯელი არ არის ერთადერთი გზა – აიძულოს ადამიანები დაიცვან მათთვის სასარგებლო რეგულაციები. როდესაც ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მათ მეცნიერული კვლევებით გამყარებულ ფაქტებს აწვდის, მოქალაქეებს შეუძლიათ სწორად მოიქცნენ დამოუკიდებლადაც. მოტივირებული და განათლებული მოსახლეობა საფრთხეს ჩვეულებრივ უფრო ერთიანად და ეფექტურად ებრძვის, ვიდრე იძულების მდგომარეობაში მყოფი და უცოდინარი.

იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ერთსულოვნების ამგვარი დონე, საჭიროა ნდობა – ნდობა მეცნიერების -ამ შემთხვევაში მედიცინის, ხელისუფლებისა და მედიის მიმართ. და სწორედ ნდობა არის ის, რაც ბოლო დროს განზრახ ნადგურდება ე.წ ფეიკ-ნიუსების მეშვეობით ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ. ხოლო დაკარგული ნდობის აღდგენა კი არც ისე ადვილია. მაგრამ კრიზისის დროს განწყობები სწრაფად იცვლება. თქვენ შეგიძლიათ შვილებთან ერთად წლების განმავლობაში იკამათოთ, მაგრამ საგანგებო სიტუაციაში დაუყოვნებლივ გამოჩნდება ნდობის და მეგობრული სითბოს ფარული რეზერვუარი, და თქვენ იჩქარით ერთმანეთის დასახმარებლად. ამიტომ, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული, ტოტალური ზედამხედველობის რეჟიმის შემოღების ნაცვლად საჭიროა ზოგადად მეცნიერების, ხელისუფლებისა და მედიის მიმართ ხალხის ნდობის აღდგენა.

ამასთან ერთად, როგორც ჰარარი ხაზს უსვამს, მას პირადად არაფერი აქვს იმ ტექნოლოგიების საწინააღმდეგო, რომლებიც აკვირდებიან ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, როგორიცაა პულსი და წნევა. მაგრამ ეს მონაცემები უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანს შეეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, და არა იმისათვის, რომ შეიქმნას ყოვლისშემძლე მთავრობა:

– ”მე რომ მქონდეს შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ვადევნო თვალყური ჩემს ჯანმრთელობას, განვსაზღვრავდი არა მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც გავხდები საფრთხე გარშემო მყოფთათვის, არამედ იმასაც, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ჩემი ჩვევები ჩემს ჯანმრთელობაზე”, – წერს ისტორიკოსი.

თუკი ადამიანს მივაწოდებთ მონაცემებს და მივცემთ შესაძლებლობას გააანალიზონ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, მას შეეძლება გააცნობიეროს, ეუბნება თუ არა ხელისუფლება მას მთელ სიმართლეს და იღებენ თუ არა ისინი სწორ ზომებს ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. უნდა გვახსოვდეს, რომ კონტროლი ორივე გზით მუშაობს: მოქალაქეს ასევე შეუძლია განახორციელოს თავისი ხელისუფლების მონიტორინგი, თვლის ჰარარი.

დღევანდელი პანდემია არის ძალიან სერიოზული გამოცდა როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ისე მსოფლიოს მაცხოვრებლებისათვისაც. უახლოეს პერიოდში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აირჩიოს: ან სამეცნიერო მონაცემები და დარგის სპეციალისტთა სიტყვები, ან შეთქმულების თეორიები, ლელა კაკულიას და შარლატანი მიშა ცაგარელის მსგავსი მჩხიბავები და და იმ ვაი-პოლიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავენ. თუ ჩვენ არასწორ არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ყველაზე ფასეულ თავისუფლებებს, როდესაც ვიფიქრებთ, რომ ეს არის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა.

მეორე მნიშვნელოვანი არჩევანი – არის არჩევანი ქვეყნის იზოლაციასა და გლობალურ თანამშრომლობას შორის. როგორც თავად პანდემია, ასევე ეკონომიკური კრიზისი არის გლობალური მასშტაბის პრობლემა, რომელთა მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო თანამშრომლობით, დარწმუნებულია ჰარარი.

პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყნებს შორის სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ამტკიცებს ჰარარი, ამაში მდგომარეობს ჩვენი უპირატესობა ვირუსებთან შედარებით. კორონავირუსს აშშ – დან და კორნავივირუსს ჩინეთიდან არ შეუძლიათ ერთმანეთს ასწავლონ, თუ როგორ შეიძლება ადამიანების უფრო ეფექტურად ინფიცირება. სამაგიეროდ ჩინეთს შეუძლია ბევრი რამ ასწავლოს შეერთებულ შტატებს ვირუსთან ბრძოლის საქმეში და პირიქით.

გარდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა, საჭიროა დახმარება სამედიცინო აღჭურვილობის – კერძოდ, ტესტებისა და რესპირატორების – წარმოებასა და გავრცელებაში. იგივე ეხება სამედიცინო პერსონალსაც. ეს უზრუნველყოფს უფრო სამართლიან განაწილებას შეჭირვებულთა შორის, იმ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლად აწარმოებს და იმარაგებს მის საკუთრებაში მყოფ აღჭურვილობას. ისევე, როგორც მსოფლიო ომის დროს ქვეყნები ახდენდნენ მრეწველობის საკვანძო დარგების ნაციონალიზაციას, ასევე დღევანდელ დღესაც, კორნავივირუსის წინააღმდეგ კაცობრიობის მიერ წარმოებულ ომში, კარგი იქნებოდა მრეწველობის შესაბამისი დარგების „ჰუმანიზაცია“. ქვეყანამ, რომელიც ვირუსით დიდად არ დაზარალებულა, შეიძლება უწილადოს ღარიბ და შეჭირვებულ ქვეყნებს აღჭურვილობა და ექიმები. და თუ დადგება ის დრო, როდესაც მას თავად დასჭირდება დახმარება, მას ყოველთვის შეეძლება იქონიოს დახმარების იმედი.

მთელი მსოფლიოს თანამშრომლობა აუცილებელია ეკონომიკაში, მისი გლობალური ხასიათისა და მიწოდების ქსელების განშტოებულობის გათვალისწინებით. თუკი თითოეული ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარი ძალისხმევის კოორდინაციის გარეშე, დადგება ქაოსი და კრიზისი განაგრძობს გაღრმავებას. ”ჩვენ გვჭირდება გლობალური სამოქმედო გეგმა და ჩვენ ეს სწორედ ახლა გვჭირდება!” – მოგვიწოდებს ჰარარი.

საჭიროა მიღწეულ იქნას გლობალური შეთანხმება მოგზაურობებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ტურიზმის შეჩერება თვეების განმავლობაში მხოლოდ გაართულებს კორონავირუსთან ბრძოლას. ქვეყნებმა, როგორც ჰარარი თვლის, უნდა დართონ საზღვრის გადაკვეთის ნება გარკვეულ „განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოგზაურებს“ – მეცნიერებს, ექიმებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს. ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება აეროპორტში სკრინინგის ლაბორატორიის აღჭურვა და მათი ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე.

დღეს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა კოლექტიურად არის პარალიზებული, არის ისეთი შეგრძნება, თითქოსდა “მოზრდილები სახლში არ არიან”. არავინ არც კი ცდილობს კოლექტიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ეს არის სწორედ ის, რასაც მოელიან ლიდერების შეხვედრებისგან – განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ამცოტა ხნის წინ მოაწყეს ვიდეოკონფერენცია, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს ვერაფერზე.

თუ ეს ვაკუუმი არ შევისება , ჩვენთვის – ზოგადად კაცობრიობისთვის- კიდევ უფრო რთული იქნება ამ პანდემიის დაძლევა. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის: – ეს ძალიან დიდი ხნით მოშხამავს უკვე ისედაც არცთუ იდეალურ საერთაშორისო ურთიერთობებს. მაგრამ ეს კრიზისი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, ასევე იძლევა შესაძლებლობას – იმედს, რომ ეს პანდემია კაცობრიობას დაეხმარება გააცნობიეროს საფრთხე, რომელიც წარმოიშვა გლობალური განცალკევებულობის შედეგად.

კაცობრიობამ უნდა გააკეთოს მნიშვნელოვანი არჩევანი: განცალკევება თუ სოლიდარობა? პირველი კრიზისს არა მხოლოდ გაახანგრძლივებს, არამედ შესაძლოა, კიდევ უფრო საშინელ კატასტროფებამდე მიგვიყვანს. მაგრამ გლობალური თანამშრომლობა იქნება გამარჯვება არა მხოლოდ კოროვირუსზე, არამედ 21 – ე საუკუნის ყველა მომავალ ეპიდემიასა და კრიზისზე.

და აქ მახსენდება ბიბლიური ფრაზა, რომელსაც ხშირად გვახსენებს ხოლმე უწმინდესი და უნეტარესი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:

– ” ეშმაკი ჰყოფს, უფალი აერთიანებს! “….

მირიან ყარაულაშვილი, Facebook.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია